
რა შედეგებს მოიტანს ჰილარი კლინტონის ვიზიტი ამიერკავკასიაში...
14:06:58     05-06-2012
ჩვენს რეგიონში ეს ვიზიტი, ჰილარი კლინტონისთვის, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სახელმწიფო მდივნის რანგში, ალბათ, ბოლო იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბარაკ ობამა შეინარჩუნებს პრეზიდენტის სავარძელს. კლინტონმა ერთხელ უკვე განაცხადა, რომ 2012 წლის ნოემბრის არჩევნებში, ბარაკ ობამას გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არ აპირებს ამ პოსტზე დარჩენას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აქტიური პოლიტიკიდან წავა.
ამიტომ, მანამდე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ამ რამდენიმედღიანი ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანი შეეცდება პოსტსაბჭოთა ამიერკავკასიისადმი ვაშინტონით დაინტერესება კიდევ ერთხელ გამოხატოს.
გამომდინარე აქედან, ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, არამედ თავად აშშ–ისთვისაც. ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარებისთვის ეს სრულიად რეალური და ბუნებრივიცაა.
ამერიკული დიპლომატიისათვის მნიშვნელოვანია, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც მისთვის საქართველოსავით საიმედო იქნეს. ეს, განსაკუთრებით, სომხეთს ეხება, რადგანაც ერევნის შეხმატკბილებული ურთიერთობები იგივე ირანთან და რუსეთთან, კარგადაა ცნობილი.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, სომხეთით დაიწყო, ხოლო დაასრულებს მას აზერბაიჯანით. კლინტონისთვის მთავარია, რომ ირანთან მიმართებაში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების, განსაკუთრებით კი, სომხეთის ლოიალურობაში დარწმუნდეს. ექსპერტთა მოსაზრებით, ამ ვიზიტზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
მით უმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რო ბოლო ხანებში ყარაბახთან დაკავშირებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ამას გარდა, აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რეგიონული მნიშვნელობის საკითხი – სომხურ–თურქული ურთიერთობები. ვაშინგტონს მხარეებისთვის არაერთხელ მიუცია რეკომენდაცია, რომ შერიგებულიყვნენ. ამასწინათ, აშშ–ში თურქეთის პრეზიდენტი, აბდულა გიული გავლენიანი სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ბოლოს კმაყოფილება გამოთქვა და დასძინა, რომ ეს მას აძლევს იმის თქმის საშუალებას, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოს.
თავის მხრივ, სომხური მხარეც ირწმუნება, რომ ურთიერთობათა ნორმალიზაციისა და თურქეთის მხრიდან საზღვრის დებლოკაციის შემთხვევაში, მზადაა უმოკლეს დროში გიუმრი–ყარსის რკინიგზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მოახდინოს და სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს, რადგანაც ინფრასტრუქტურა ამისთვის უკვე მზადაა. ამით ვაშინგტონი კმაყოფილი იქნება, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, ამით სომხეთზე რუსეთის ზეგავლენაც შესუსტდება.
რაც შეეხება საქართველოს, ჰილარი კლინტონმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ ჩვენს ქვეყანას საკუთარი საზღვრების დაცვაში დაეხმარება. „მინდა პატივი მივაგო სანაპირო დაცვის ყველა თანამშრომელს და გადმოგცეთ ახალი კატარღა „ფაზისი“, რომელიც დღეიდან ქართულ წყლებს დაიცავს. ამასთან, ვაგრძელებთ სტრატეგიული თანამშრომლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და გეხმარებით სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა დაიცვათ არა მარტო წყლები, არამედ საზღვრები და თქვენი მიწა“,- აღნიშნა ჰილარი კლინტონმა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან, დღეს კიდევ ბევრი საინტერესო მესიჯი იქნება გაგზავნილი საქართველოდან, ჩრდილოეთის მიმართულებით.