კლინტონმა რუსეთს საქართველოს რეგიონებიდან ჯარების გაყვანა და მილიტარიზაციის შეწყვეტა მოსთხოვა

  14:00:21     05-06-2012

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა  აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან რუსეთს 2008 წელს აღებული ვალდებულებები შეახსენა და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგულია და წინააღმდეგია რუსეთის ოკუპაციისა და მილიტარიზაციისა.

ასეთივე მკაფიო გზავნილი წარმოთქვა ჰილარი კლინტონმა ბათუმში - ქართული მხარისთვის საპატრულო კატარღის გადმოცემის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრების დაცვაში დაეხმარება.

„მინდა პატივი მივაგო სანაპირო დაცვის ყველა თანამშრომელს და გადმოგცეთ ახალი კატარღა „ფაზისი“, რომელიც დღეიდან ქართულ წყლებს დაიცავს. ამასთან, ვაგრძელებთ სტრატეგიული თანამშრომლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და გეხმარებით სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა დაიცვათ არა მარტო წყლები, არამედ საზღვრები და თქვენი მიწა“- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

უსაფრთხოებისა და საქართველოს საზღვრების დარღვევის  საშიშროებაზე ჰილარი კლინტონს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესაუბრნენ. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 2014 წელს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოლოდინი დიდია, შესაბამისად, დიდია რუსეთის მხრიდან აგრესიის ალბათობაც. ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ გამართულ შეხვედრას „ახალი მემარჯვენეები“, "ქრისტიან- დემოკრატები“ და კოალიცია „ქართული ოცნება“ ესწრებოდნენ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია და განაცხადა, რომ ისინი ერთგულნი არიან  ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო უნდა გახდეს  ნატოს წევრი.

კლინტონის თქმით, საქართველოში განხორციელებულმა, განსაკუთრებით კი ეკონომიკურმა რეფორმებმა საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა. და აღნიშნა, რომ ამერიკას კვლავაც სურს დაეხმაროს საქართველოს, რათა ქვეყანამ ეკონომიკური შესაძლებლობები, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს.

სახელმწიფო მინისტრი ბათუმში სიტყვით გამოსვლისას მომავალ არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ გააღრმავოს დემოკრატია და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნის ლიდერებს, კონკურენტუნარიანი კამპანიები ჩაატარონ, არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი. უწყებათაშორისი ჯგუფების შექმნა არის კარგი საფეხური, იმისათვის, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები განიხილონ“ - განაცხადა კლინტონმა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა „ვარდების რევოლუციით ისტორია შექმნა, მაგრამ მომავალშიც დიდი სამუშაოებია შესასრულებელი.

„იმის მიუხედავად, რომ ვარდების რევოლუციით ისტორია შექმენით, უფრო რთული სამუშაო გიწევთ მომავალში. უნდა ჩამოაყალიბოთ ჩვეულებები და პრაქტიკა, რომელიც დემოკრატიას შეინარჩუნებს“,- განაცხადა კლინტონმა.