
სეპარატისტები „ქართული დივერსიული ჯგუფების“ შესახებ ალაპარაკდნენ...
13:10:02     05-06-2012
სოხუმმა, მკვლელობის დღესვე, როცა შესაბამის სამსახურებს შემთხვევის ადგილზე მუშაობა არც კი ჰქონდათ დამთავრებული, „ივარაუდა“, რომ გალში, კაფე „ზოლუშკაში“ მომხდარი მკვლელობა ქართული სპეცსამსახურების შეკვეთილი იყო. ამჯერად კი ბრალდებაში უკვე ჩამოყალიბდნენ და გალის რაიონის პროკურატურა აფხაზეთის ე.წ. უშიშროებისა და შს ორგანოებთან ერთად აცხადებს, რომ „მოცემული დანაშაული ჩადენილ იქნა საქართველოს რესპუბლიკიდან სპეციალური სამსახურების დავალებით შემოგზავნილი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის წევრების მიერ“.
მკვლელობა გალში 28 მაისს მოხდა. კაფე „ზოლუშკაში“ ორმა პირმა კალაშნიკოვის ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა კაფეში მყოფ ადამიანებს, რის შედეგადაც დაიღუპა მილიციის მაიორი ლეონიდ კვიცინია, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომელი დევი ბუავა და სოფელ ნაბაკევის მკვიდრი გულთაზ რემიკოს ძე ყოლბაია.
აფხაზური გაზეთები მაშინ წერდნენ, რომ კაფეში მყოფი ადამიანებიდან თავდამსხმელები ვერავინ იცნო, გუშინ კი იმავე თვითმხილველებს „ცნობა დაუბრუნდათ“ და ამტკიცებენ, რომ ბანდიტები ქართული მხარიდან იყვნენ გადასულები. მეტი დამაჯერებლობისთვის კი ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთში ქართულად საუბრობენ. ეს „მტკიცებულებაც“ შემთხვევიდან რამოდენიმე დღეში „აღმოაჩინეს“.
აფხაზეთში „ქართული დივერსიული ჯგუფების თარეშის“ კიდევ ერთ დასტურად კი მიმდინარე წლის მარტის თვეში მომხდარი შემთხვევა მოჰყავთ, როცა აფხაზი მილიციელებისთვის ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი მალხაზ რურუა დააკავეს. „უფრო ადრე, მარტში, აფხაზეთის უშიშროების ორგანოებმა დააკავეს ქართული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის წევრი, საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლევანის ძე რურუა, რომლის ჩვენებითაც წინასწარი გამოძიებისას დასტურდება, რომ მისი ჯგუფი შედგებოდა 4 ადამიანისგან და აფხაზეთში დევი ბუავას ლიკვიდაციის მიზნით იყო შეგზავნილი. ეს ჯგუფი ადრე შედიოდა „ტყის ძმების“ ბანდფორმირებაში, რომელსაც სლავიკ ბიგვავა ხელმძღვანელობდა. ბიგვავა ახლა საქართველოს ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებში მსახურობს. „ტყის ძმების“ წინაშე დასმული იყო აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ლიკვიდაციის ამოცანა“ - იუწყება სოხუმი დღეს. თუმცა მარტში, როცა რურუა დააკავეს, იმავე სოხუმის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აფხაზურმა მილიციამ დადგინდა, რომ რურუა, რომელიც წარმოშობით გულრიფშის რაიონიდან, სოფელ უარჩადან ყოფილა, ბოლო წლების განმავლობაში კი ზუგდიდში, სოფელ ინგირში ცხოვრობდა, აფხაზეთში, არც მეტი, არც ნაკლები, სარეისო ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების დაყაჩაღების მიზნით იყო ჩასული. ახლა კი უცბად, აღმოჩნდა, რომ ის „დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის წევრი“ ყოფილა.
ინფორმაციის ტექსტი ამ მხრივ მართლაც ნიშანდობლივია, განსაკუთრებით კი ფრაზა „ქართული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“, ასევე „ტყის ძმების“ ხსენება, რაც პირდაპირ ეხმიანება სეპარატისტების მიერ ხელზე დახვეულ ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერის ცნობილ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ. ამ განცხადებით აღფრთოვანებული მარიონეტული რეჟიმები მას შემდეგ მის ტყვეობაში არიან და ნებისმიერ კრიმინალს, რომელიც ფაქტია, რომ მართლაც ხშირად ხდება უკონტროლო ზონაში, ქართულ სპეცსამსახურებს და მათ „დივერსიულ ჩანაფიქრებს“ აბრალებენ.
ამ საკითხის აჟიტირებას სეპარატისტები, როგორც ჩანს, ჟენევის დისკუსიებზეც აპირებენ.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ჟენევის დისკუსიებზე გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ანტი ტურუნენს უკვე შესჩივლა, რომ „ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით არსებობს კრიზისი, კრიზისიდან გამოსვლისთვის კი გალის რაიონში ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ ქმედებებზე ადექვატური რეაგირებაა საჭირო“.