
აშშ-ის ყოფილი ელჩები: საქართველოსადმი გადამჭრელი მხარდაჭერაა საჭირო
09:52:30     05-06-2012
სიტუაცია კავკასიაში ყურადღებას საჭიროებს, რამდენადაც რეგიონში დიდია კონფლიქტების წარმოქმნის რისკი, რამაც აშშ-სა და ევროპის ინტერესებს შეიძლება ზიანი მიაყენოს. ამის შესახებ საუბარია გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორებიც არიან საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის ყოფილი ელჩი დენის კორბოი, საქართველოს და ყაზახეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი და აშშ-ის ყოფილი საქართველოსა და ბელორუსში კენეტ იალოვიცი. ამიტომაც, ისინი, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს დროულს უწოდებენ.
ჩრდილოეთ კავკასიაში გრძრლდება ტერორისტების გამოხტომები და სტატიის ავტორთა თქმით, დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. მათივე განცხადებით, ასევე, იზრდება მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის შეჯახების ალბათობაც.
კიდევ უფრო კი სიტუაციას ართულებს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის დაბრუნება - აღნიშნულია სტატიაში. რადგან პუტინი ისწრაფვის გააძლიეროს რუსეთის გავლენა ყოფილ საბჭოთა მეზობლებზე. კერძოდ, ის არ წავიდა დიდი რვიანის სამიტზე, თუმცაღა შეხვდა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ლიდერებს.
აშშ-ის ექს-ელჩები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შენიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში წინააღმდეგობის დაძლევის რუსული სტრატეგია არ მუშაობს და ტერორიზმი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მოსკოვმა კი შეიძლება კვლავაც დაადანაშაულოს საქართველო და აზერბაიჯანი ტერორისტების დახმარებაში, „როგორც მან, 1999 წელს ასეთი ტყუილი ჩეჩნეთს დააბრალა “ - ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც შეიძლება ამერიკამ და ევროპამ კავკასიაში რისკები შეამცირონ? ამ კითხვაზე
The New York Times-ის სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ:
„მათ გადამჭრელად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას და გამოვიდნენ მისი ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ. მოსკოვს არ უნდა მიეცეს უფლება საქართველოს გავლით კონტროლი დაამყაროს კასპიის ენერგორესურსების ექსპორტზე.“
ყოფილ ელჩებს მიაჩნიათ, რომ აშშ-სა და ევროპას აღარ აქვთ უფლება მეორე პლანზე გადაიტანონ მთიანი ყარაბაღის პრობლემა, რამდენადაც შეიარაღებული კონფლიქტი გაზსადენ „ნაბუქოსთვის“ არახელსაყრელ შედეგებს მოიტანს.
კორბოის, კორტნისა და იალოვიცის აზრით, ეუთოს წევრებმა ვენაში, ორგანიზაციის მუდმივ საბჭოში უნდა დააყენონ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის შესახებ საკითხი და ასევე დაიწყონ დიალოგი რუსეთთან. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი ყველა ეს პრობლემა ყურადღების ცენტრში უნდა დააყენოს და დაარწმუნოს რეგიონის ქვეყნები იმაში, რომ დასავლეთი აქტიურად მუშაობს კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად.