
საქართველოში, ჰილარი კლინტონის ვიზიტი დაიწყო
09:45:22     05-06-2012
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ბათუმის აეროპორტში, სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, ბათუმში ერევნიდან ჩამოვიდა.
ჰილარი კლინტონმა, დღეს, 8 საათიდან უკვე დაიწყო შეხვედრები. პროგრამის მიხედვით, მას საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. 8 საათზე, კლინტონი, სასტუმრო „ბათუმის რედისონში“ საქართველოს პრემიერ–მინისტრ, ნიკა გილაურს შეხვდა. დღესვე, დაგეგმილია აშშ–ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, ხოლო შეხვედრის შემდეგ, 15 საათზე, ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ჰილარი კლინტონი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება. ვიზიტის დასრულების შემდეგ, კლინტონი ჯერ აზერბაიჯანში, ხოლო შემდეგ, თურქეთში გაემგზავრება.