
„ქსელური რევოლუცია“ მოდის… - პუტინს ინტერნეტის ძალის ეშინია
20:16:31     04-06-2012
რუსეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ პატრუშევმა დაასკვნა, რომ კრემლის საწინააღმდეგო პროტესტს რუსეთში უცხოური ინტერნეტ-საიტები აღვივებენ.
ეს განცხადება რუსეთში სოციალური ქსელებისა და ზოგადად, ინტერნეტის შეზღუდვისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აღიქვეს. თუმცა, ამ საკითხს, კრემლი, ახლა, სავარაუდოდ, უკვე მთელი სერიოზულობით მიუდგება.
რუსეთის საპროტესტო მოძრაობა ინტერნეტს მართლაც დიდი დოზით იყენებს. ამის შესახებ რამოდენიმე ხნის წინ განცხადება ვლადიმერ პუტინის მიერ საპროტესტო მოძრაობის შესასწავლად, ერთ-ერთ ოპოზიციურ აქციაზე სპეციალურად მივლინებულმა სოციოლოგმა განაცხადა, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთში „სახეზეა რევოლუციური სიტუაცია და ეს ქსელური რევოლუციაა“.
რუსეთის საპროტესტო მოძრაობა აქტიურად იყენებს Facebook-ს. სწორედ ამ ქსელის საშუალებით გავრცელებული მოწოდებების შედეგად დაიწყო მოსკოვის ქუჩებში დემონსტრანტების მობილიზება მას შემდეგ, რაც დეკემბერში დუმის არჩევნები ჩატარდა.
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კი სამობილიზაციო ქსელად Twitter იქცა. პატრუშევამდე ასეთი შინაარსის განცხადებები თავად ქვეყნის პირველმა პირებმაც არაერთხელ გააკეთეს. მაგალითად, ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ მის ოპონენტებს აშშ უჭერს მხარს, რუსეთის დუმაში კი დეპუტატებს, რომლებიც ამერიკის ელჩის დანიშნის შემდეგ მის ოფისში მივიდნენ, ანათემას გამოუცხადეს.
პატრუშევი, პუტინის კარგა ხნის მეგობარი-თანაშემწე და 2000-2008 წლებში „ფსბ“-ს ხელმძღვანელი, აზუსტებს, რომ ინტერნეტს ზოგიერთი გარე ძალა იყენებს, რომელიც რუსეთში სიტუაციის არევითაა დაინტერსებული.
ეს დამოკიდებულება უკვე აისახა დუმაში შეტანილ კანონპროექტშიც, რომელშიც საუბარია, რომ მომხმარებლები, რომლებიც მიტინგებში მონაწილეობის შესახებ მოწოდებებს გაავრცელებენ, ჯარიმებს გადაიხდიან.
ექსპერტი რუსული სპეცსამსახურების საკითხში ანდრეი სოლდატოვი ამბობს, რომ პატრუშევი მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, „რეალურად კი მათ არ იციან, რა მოუხერხონ სოციალურ ქსელებსა და სამობილიზაციო კამპანიებს“. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომა, რომლებიც შიდა ინტერნეტ-პროვაიდერებით გადაიცემა, თუმცა საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ საიტებზე ამას ვერ ახერხებენ.
ამიტომ, კიდევ ერთი ბერკეტი ამუშავდება. რუსეთის ხელისუფლება აპირებს, საავიაციო, კოსმოსური და სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოების გვერდით, სტრატეგიული ობიექტების სტატუსი მისცეს მედიასაშუალებებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უცხოელებზე გაყიდვა ან საერთოდ გაყიდვა ვლადიმერ პუტინისა და „ფსბ“-ს თანხმობის გარეშე არ მოხდება. ამ ინიციატივის თანახმად, რომელიც ასევე დუმაში კანონპროექტის სახითაა წარდგენილი, სტრატეგიული დანიშნულების სტატუსს მიიღებენ ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და „ორგანიზაციები“, რომლებიც ინტერნეტში „მნიშვნელოვან მომსახურებას“ სთავაზობენ მომხმარებელს.
ექსპერტები ამბობენ, რომ „თეთრი რევოლუციის“ შიშის გამო, ინტერნეტი კრემლის ინტერესების სფეროში მოხვდა და მისი გაკონტროლებისათვის, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.