
„Путин пошел на х..!“ - ბელორუსის ოპოზიცია მინსკში პუტინის ვიზიტის წინააღმდეგია
14:50:31     31-05-2012
„Путин пошел на х..!“ - ასეთი ლოზუნგით აპირებენ ბელორუსი ნაციონალ-ბოლშევიკები ვლადიმერ პუტინის დახვედრას. რუსეთის პრეზიდენტი მინსკს ხუთშაბათს უნდა ესტუმროს. ლოზუნგი სწორედ იმ გზაზეა გამოფენილი, სადაც მისმა კორტეჟმა უნდა გაიაროს.
პლაკატს, რა თქმა უნდა, ჩამოხსნიან, ნაციონალ-ბოლშევიკების დაკავება კი უკვე დაიწყო. აკავებენ სხვა ოპოზიციური მოძრაობების წარმომადგენლებსაც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპოზიციონერები ბელორუსის „კგბ“-მ ასე გააფრთხილა: „იჯდებით, ვიდრე პუტინი არ წავა“.
ბელორუსის სახალხო ფრონტის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ლალკოვი პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრას „დიქტატორულ ინტერნაციონალს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებში უჭერენ მხარს.
ლალკოვის თქმით, ოფიციალური მინსკის ტოტალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოკიდებულებას კრემლის მხარდაჭერაზე, შედეგი აქვს და ლუკაშენკოც მხარს უჭერს „რუსეთის ხელისუფლების იმპერიულ პოლიტიკას“.
სახალხო ფრონტში მიაჩნიათ, რომ მინსკისა და მოსკოვის კონტაქტების გააქტიურება ყოველთვის, შედეგად, „სხვაგვარად მოაზროვნეთა“ წინააღმდეგ რეპრესიებს იწვევს. პუტინის ვიზიტამდე გატარებული დაკავების სერიაც ამის დასტურია. თანაც, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა თავად რუსეთში ბელორუსების მიმართ რეპრესიები ხორციელდება:
12 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ირკუტსკის ოლქში ბელორუსის კულტურული საზოგადოების ხელმძღვანელის ბინაში შეცვივდნენ და ორგანიზაციის ქონების კონფისკაცია მოახდინეს, მათ შორის ლიტერატურის, ბელორუსის ნაციონალური სიმბოლიკის და საერთოდ, ოფისის. თავად ორგანიზაცია კი ექსტრემიზმში დაადანაშაულეს.