უოლტ უიტმანი - „შტატებისადმი“

  09:01:10     31-05-2012

1819 წლის, ალბათ, 31 მაისს, დაიბადა დიდი ამერიკელი პოეტი, ესეისტი, ჟურნალისტი და ჰუმანისტი უოლტ უიტმანი, ზოგი ქართულად უიტმენს ამბობს (Walt (Walter) Whitman).

დაიბადა ფერმერის ცხრაშვილიან ოჯახში უესტ-ჰილში, ჰანტინგტონი, ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი. იზდებოდა ბრუკლინში.

ამერიკა არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების,კაპიტალისტების ან ბიზნესმენების ქვეყანა, რომელნიც ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა შეიძულა დღეს. ოდესღაც  ჩვენთვის ამერიკა თავისუფლების სიმბოლო იყო, მეტიც, თავისუფლების ნავსაყუდელიც კი, ჩვენი წარმოდგენით. და თუ იმედები გაგვიცრუვდა ზოგიერთს, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის დიდი მამები, მათ შორის უიტმანი, რამეში დამნაშავეა. პირიქით, ამერიკა, პირველ რიგში უოლტ უიტმანის მსგავსი ადამიანების სამშობლოა. როგორც განსაზღვრავდა თვითონ დიდი პოეტი. სწორედ მისნაირების შექმნილია თუ რამ კარგია "ამერიკის სულში". ნაციებს სწორედ პოეტები ჰქმნიან, პოლიტიკოსები მხოლოდ ნაწილობრივ გარყვნას ახერხებენ. ამიტომ, რომ უკეთ გავიცნოთ ამერიკა და ჩვენც უფრო უკეთესები გავხდეთ, გავიხსენოთ ოლტ უიტმანი.

გთავაზობთ უოლტ უიტმანის ორ ლექსს, „შტატებისადმი“ და "ო. კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!" ამ ლექსებში კარგად ჩანს, პოეტის დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, ზოგადად ქვეყნისადმი, ავტორი მიზნად აცხადებს თავისუფლებას...

უოლტ უიტმანის ლექსი "ო. კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!" მიძღვნილია ამერიკის პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნისადმი. ზვიად გამსახურდია წერს: "მონათმფლობელი კოპპერჰედების ვერაგულმა ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის იმედი, ჭეშმარიტების და სიქველის დიდი რაინდი. ამას მოჰყვა მსოფლიო ელეგიური პოეზიის დიდი შედევრი, გრანდიოზული რეკვიემი “როცა ეზოში, გაზაფხულზე” და აგრეთვე ლექსი: “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო”. მაგრამ პოეტმა იცის, რომ როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას."

დღეს კიდევ ერთხელ გავოხსენოთ უოლტერ უიტმანის პოეზია, მასზე საუბარს სხვა დროს კიდევ განვაგრძობთ.

შტატებისადმი

(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)

მე ვეუბნები ყველა შტატს და თვითიეულ მათგანს,
ამ შტატების ხალხს და ქალაქებს:
,,მეტი იბრძოლე - ნაკლები ეყმე!”
განურჩეველი თანმიყოლა ნიშანია სრული მონობის,
ხოლო ასეთი მონობისგან შტატი, ქალაქი, გინდა ერი
თავს ვერ დაიხსნის,
ვერ მოიხვეჭს თავისუფლებას!
 
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!    

(თარგმანა ვასილ გულეურმა

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე;
მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს;
ნაპირს მივაღწიეთ, მშვიდობით დავბრუნდით. უკვე ახლოსაა, მოჩანს ნავსადგური;
ხედავ, ხალხი გველის, რეკავენ ზარები – ჩვენი გამარჯვების ჯილდო, საზღაური;
მაგრამ ო, ეგ გული! ეგ გული იცლება
სისხლისგან, გემბანზე წითელი ლაქა მოჩანს.
უკვე ვერაფერი ვეღარ შეიცვლება,
ჩემი კაპიტანი სიკვდილმა შემობოჭა.

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! წამოდექ, უსმინე, ზარი რომ გუგუნებს;
შენ გეგებებიან, მაღლა რომ ისვრიან ფერადი ლენტებით მორთულ თაიგულებს;
წამოდექ – ეს დროშა ხომ შენთვის ფრიალებს, შენთვის აჟღერებენ ბუკსა და ნაღარას,
შენ გესალმებიან, არ გესმის ძახილი? იქნება ხანგრძლივმა მგზავრობამ დაგღალა?
აქეთ, კაპიტანო! ო, მამავ ძვირფასო!
ეს ჩემი ხელია შენი სასთუმალი.
ალბათ, მესიზმრება, რომ ჩემს წინ, გემბანზე
წევხარ სიკვდილისგან ცივი და მდუმარე.

 
ჩემი კაპიტანი პასუხს არ იძლევა, გაფითრდა ბაგე და თანდათან ცივდება,
ვეღარ გრძნობს შეხებას, გული აღარ უძგერს, სული და სხეული
ერთმანეთს სცილდება;
ხომალდმა ნაპირას ჩაუშვა ღუზა და დგას გამარჯვებული, ასრულდა, რაც გვსურდა;
მიზანს მივაღწიეთ. ხანგრძლივი, დამღლელი ეს მოგზაურობა
დამთავრდა, დასრულდა;
ჩაჰბერეთ საყვირებს, დარეკეთ ზარები!
მე კი მწუხარების თრთოლვამ ამიტანა,
გემბანზე ჩამოწვა სიკვდილის მდუმარება,
წევს გაციებული ჩემი კაპიტანი.