უცნობი ავტორი - „დასდებელნი სატფურებისადმი“

  08:49:47     31-05-2012

პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ერთ-ერთ უძველეს,  შესანიშნავ ქართულ საგალობელს.

პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ამ ლექსის ავტორი V-VIII საუკუნეების ჰიმნოგრაფი უნდა იყოს. ლექსი შესრულებულია უძველესი საზომით - წყობილი სიტყვა რიცხვედით. აქ წარმოდგენილია ლექსის ნაწილი, პირველი გალობა.
 
დასდებელნი სატფურებისადმი

ანგელოზთა თანა და ძალთა ზეცისათა მოვედით, ერნო,
ვდღესასწაულობდეთ დღესასწაულსა ახალსა სატფურებისასა
გალობითა ახლითა უგელობდით ქრისტესა,
რომელმან დაამტკიცნა ეკლესიანი ჯვარითა,
რამეთუ დიდებით დიდებულ არს!

ბრწყინვალე და ზეშთა დიდებული ტაძარი, სამკვიდრებელი სულისა წმიდისაჲ,
აღემართა შესავედრებელად მორწმუნეთა,
იხარებს და ჩვენ თანა უგალობს ქრისტესა,
რამეთუ დიდეებით დიდებულ არს!

განგებულებითა და სიბრძნითა ღმრთეებისაჲთა აღშენებულსა წმიდასა ტაძარსა
დღესასწაულობენ ზეცისა წესნი,
და ძალსა ზეცისათა თანა ძენი კაცთანი
ამის დამკიცებასა უგალობენ ქრისტესა,
რამეთუ დიდებით დიდებულ არს!

----------

დასდებელი - საგალობელი

სატფურება - ენკენიის დღესასწაული

ენკენიის დღესასწაული - ქრისტეს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების დღესასწაული, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა (306–337) და მისი დედის, დედოფალ ელენეს მიერ იერუსალიმში, მეოთხე საუკუნეში ქრისტეს საფლავისა და ჯვრის, ასევე სამსჭვალების (ლურსმნების) მიგნებას უკავშირდება.

მათი გადაწყვეტილებით იერუსალიმში აიგო ტაძრები. ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა დასრულდა კონსტანტინე იმპერატორის გამეფების 30 წლის თავზე, 335 წლის 13 სექტემბერს დასრულდა. ამ დროს მიმდინარეობდა ტვირის კრება. ამრიგად სატფურების დღესასწაული დიდი ზეიმით არესრულებოდა.