სეპარატისტები, თურქეთიდან, „ომის ვეტერანთა“ „დიდ გადმოსახლებას“ იწყებენ

  08:40:55     31-05-2012

37 რეპატრიანტმა გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში ბინები მიიღეს. სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, მათ შორის აჭარიდან ჩასულებიც არიან.
თუმცა, რეპატრიაციის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ ადლეიბას განცხადებით, რეპატრიანტთა უმრავლესობა თურქეთიდანაა, ამასთან, ბინები გადაეცათ სირიიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან და აჭარიდან ჩასულებსაც.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რეპატრიანტებზე დიდ დემოგრაფიულ იმედებს ამყარებს. როგორც ადლეიბამ აღნიშნა, მათ შორის, ვინც ბინები მიიღეს, რამდენიმე უცოლო მამაკაციცაა, რომლებსაც პირობა დაუდიათ, რომ აუცილებლად შეირთავდნენ ცოლებს, როგორც კი ბინას მიიღებდნენ. „იმედია, ისინი თავის სიტყვას შეასრულებენ“ - განაცხადა ადლეიბამ რეპატრიანტებისთვის ბინის გასაღებების გადაცემისას.

ზოგიერთი რეპატრიანტი აფხაზეთში ჯერ ნიადაგის მოსასინჯად ჩავიდა, - ოჯახების გარეშე. ახლა, როცა ბინები მიიღეს, ცოლ-შვილსაც ჩაიყვანენ. რამდენიმე მათგანი უკვე გაემგზავრა თურქეთში, რომ საბოლოოდ გადმოსახლდეს აფხაზეთში. აფხაზეთში გადმოსახლებულთა უმრავლესობა იმ ნიშნით შეირჩა, რომ მათ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში აქვთ მონაწილეობა მიღებული და „ომის ვეტერანებად“ იწოდებიან.

„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დავბრუნდით ჩვენს სამშობლოში, ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნება“ - განაცხადა აიდინ აკოლბამ, რომელიც მიიჩნევს, რომ აფხაზეთში დაბრუნება „აფსნითვის“ თავდადებით დაიმსახურა.

თურქეთში აფხაზური კულტურული ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით კი თურქეთში, მათ რიგებში არიან ბიზნესმენები, რომლებსაც ასევე „სურთ და შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ თავის სამშობლოს“. სწორედ აღნიშნული ფედერაცია იღებს თავის თავზე საბავშვო ბაღის მშენებლობას დრანდაში, სადაც „აპსნიპრესის“ ინფორმაციით ასევე არაერთი რეპატრიანტი ცხოვრობს. სწორედ დრანდაში მიმდინარეობს სირიიდან გადმოსახლებული 27 ადამიანისთვის ბინების მშენებლობა. ისინი ჯერჯერობით სასტუმრო „აიტარში“ ცხოვრობენ და აფხაზურს სწავლობენ.