რუსული ეკლესია, ცხინვალში დისლოცირებულ სამხედროებს, “ბრძოლის ჟინს” გაუძლიერებს (ვიდეო)

  07:36:20     31-05-2012

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და რუსეთის  58-ე არმიის ხელმძღვანელობა „წმინდა მებრძოლების ნაწილების თაყვანისცემისთვის ემზადება“ - იუწყება რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის პრესსამსახური.

„წმინდა მებრძოლთა ნაწილებს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩაიტანენ, რათა სამხედრო მოსამსახურეთა „საბრძოლო სულისკვეთება ამაღლდეს“ - იმედოვნებენ ღონისძიების ინიციატორები. რაში სჭირდება ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზას „საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება“?

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რუსი სამხედროები ისედაც კარგ საბრძოლო ფორმაში არიან და წრთვნის მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან. თუ 4 წლის წინ კარვებში ცხოვრობდნენ, ახლა ის „გარადოკი“ დაიკავეს, რომელიც მანამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებულ ძალებს“ ეკუთვნოდათ. თუმცა, დღეს ეს „შეიარაღებული ძალები“ ფაქტობრივად აღარ არსებობს და მათი ადგილიც რუსებმა აითვისეს.

რუსეთის მე-4 სამხედრო  ბაზის მშენებლობა ოკუპირებულ რეგიონში 2010 წელს დაიწყო. მისი კეთილმოწყობა დღემდე გრძელდება. ამჟამადაც მშენებლობის პროცესშია ახალი საცხოვრებელი ზონა, ახალი ყაზარმები.

იწყება საზაფხულო წრთვნებიც, თუმცა აქ წრთვნა და სწავლება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ყოველი სამშაბათი, მაგალითად, მეკავშირეების დღეა. რუსი სამხედროები ამჯერადაც აქტიური წრთვნის ფაზაში იმყოფებიან და დროის დიდ ნაწილს პოლიგონებზე ატარებენ.

მაგალითად, ძარწემის საარტილერიო პოზიციებზე უკვე მეოთხე კვირაა მთიან ადგილებში საცეცხლე ამოცანების შესრულებაზე მეცადინეობენ. ცხინვალური საინფორმაციო საშუალებები კი ამ წრთვნისა და რუსი სამხედროების ბრძოლისთვის მზადყოფნის დემონსტრირებას ცდილობენ.

ვიდეო