აფხაზეთში, მუსულმანები სკოლაში ჩადრებით სიარულის ნებართვას ითხოვენ

  20:42:23     30-05-2012

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, მარიონეტული ხელისუფლების ე.წ. პარლამენტმა, ამ დღეებში გაფართოებული სხდომა ჩაატარა, რომელზეც რელიგიის შესახებ „კანონპროექტი“ განხილეს. თუ მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში მუსლიმანები მაინც და მაინც დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, ბოლო ხანებში სიტუაცია შეიცვალა და ე.წ. აფხაზეთის მუსულმანთა სამმართველო გააქტიურდა.

მეტიც, მათმა წარმომადგენლებმა „პარლამენტს“ შესთავაზეს „კანონპროექტში“ ცვლილებები შეეტანათ. კერძოდ, მასში ჩაეწერათ შემდეგი: არ გაეწიათ ამა თუ რელიგიური მიმდევრობის მოქალაქეებისათვის წინააღმდეგობა, იმუშაონ „სახელმწიფო“, ან კომერციულ საწარმოებში, ისწავლონ უმაღლეს და საშუალო სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური კუთნილების, ატრიბუტებისა და ჩაცმის ფორმის დაცვის უფლებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მუსულმანები ამაში ოფიციალურად ჩადრის ტარების უფლებასაც გულისხმობენ.

რამდენად მოსწონთ იქაურებს მუსულმან ლიდერთა შეთავაზება, ამაზე, იქაური მასმედიის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული გამოკითხვაც კი ჩაუტარებიათ. აი, მისი შედეგები:

ქალი: მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ევროპას უნდა დავუახლოვდეთ და არა აზიას. ჩვენ ევროპული სახელმწიფო ვართ და ევროპული ფასეულობანი უნდა ვატაროთ.

ვლადიმერ კეტია, სოხუმის ლაკობას სახელობის #10 მთიელთა სკოლის დირექტორი: სკოლის მოსწავლეები განსაზღვრულ ფორმას უნდა ატარებდნენ, ჩვენ ამას მოვითხოვთ. ის რომ სკოლაში მოსწავლეები ატარებდნენ სხვა ფორმას, ვთქვათ, მუსულმანურს და ა.შ., ამას, რა თქმა უნდა არ დავუშვებთ და არც ამის ნებას დავრთავთ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ.

ოქსანა, 39 წლის: მე რომელიმე რელიგიის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სკოლაში ზედმეტია. თუ ისინი სადმე მეჩეთში, ან თავიანთ დღესასწაულზე მიდიან, კი, ბატონო. სხვაგვარად, ებრაელებმა თავიანთი ქუდები უნდა ატარონ, ბუდისტებმა კიდევ სხვა რაღაც, მაშინ ჩვენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კი არა ტაძარი გვექნება. თითეულს აუცილებლად რაღაც უნდა სწამდეს, მაგრამ სკოლა ისეთი საზოგადოებრივი ადგილია, სადაც  წესები უნდა დავიცვათ. სამსახურში ხომ „შლოპანცებით“, ან საცურაო კოსტუმით ხომ არ დავდივართ?! სამსახურში ისე უნდა  ჩაიცვა, როგორც ამას ეტიკეტი მოითხოვს. ამიტომაც, სკოლაშიც იმ ფორმით უნდა იარო, რაც იქ მიღებულია.

ესმა, 12 წლის: ვფიქრობ, რომ სკოლაში ერთიანი ფორმით უნდა ვიაროთ. ისე, მათი უფლებაა, იარონ ისე, როგორც ამას მათ თავიანთი რელიგია სთხოვს. სკოლაში კი ფორმა უნდა ჩაიცვან.

კითხვაზე, თუ თქვენი თანაკლასელები ივლიან იმ ტანსაცმლით, რასაც მათგან რელიგია მოითხოვს, ამას როგორ მოეკიდებით, პასუხები ასეთ იყო:

საიდ ბასარია, 15 წლის: ვფიქრობ, თუ ეს სწავლაში ხელს არ შეუშლის, იაროს, მისი უფლებაა.

ქალი: ბავშვს ამასთან დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს. ბავშვი ბავშვია. გაიზრდება და როგორც უნდა, ისე ჩაიცვას. სკოლაში კი ჩვენთან ერთიანი ფორმის შემოღებას აპირებენ და სხვაგვარად ჩაცმული თეთრი ყვავივით გამორჩეული იქნება.

ადგურ ბასარია, 45 წლის: თუ ის მუსულმანური წესითაა აღზრდილი, ვფიქრობ, რომ სკოლაში უნდა ჩიცვას ისე, როგორც რელიგიითაა მიღებული. ვფიქრობ, რომ თავშლით სიარული შესაძლებელია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს მასწავლებელს ხელს არ უნდა უშლიდეს.

გენადი ვალერის ძე ჩერქეზია, 35 წლის: თუ გარკვეული სასკოლო ფორმა არსებობს, ის უნდა ჩაიცვან.

ლენა, 55 წლის: თავშალი, ვფიქრობ, შეიძლება სახლში უნდა ატარო, ხოლო დაწესებულებაში, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული, ისე უნდა გეცვას. ჩვენ ხომ ყველა თანასწორები უნდა ვიყოთ.