ბორის პასტერნაკი - „იყო ცნობილი არ არის კარგი”

  08:58:52     30-05-2012

1960 წლის 30 მაისს, მოსკოვის ოლქში, პერედელკინოში გარდაიცვალა დიდი რუსი პოეტი და მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი - ბორის პასტერნაკი.

დიდი პოეტი დაიბადა 1890 წლის 29 იანვარს (ახალი სტილით 10 თებერვალს) რუსეთის იმპერიაში, მოსკოვში.

ბორის პასტერნაკი განსაკუთრებული გრძნობით იყო განწყობილი საქართველოსადმი. მან პირველად 1931 წელს იმოგზაურა საქართველოში. მის წიგნში „მეორედ დაბადება“ (1932) შევიდა არა ერთი ნაწარმოები, საქართველოში მოგზაურობის შედეგად რომ შეიქმნა. შემდეგ, 1933 წელს კიდევ ჩამოვიდა დიდი რუსი პოეტი საქართველოში.

სწორედ მაშინ შეუდგა ქართული პოეზიის თარგმნას. პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, იაკობ გოგებაშვილის, კოლაუ ნადირაძის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლო მიწიშვილის, ირაკლი აბაშიძის ლექსები.

საქართველოს მიუძღვნა პასტერნაკმა „მხატვარი“ და „მგზავრის ჩანახატები“ (1936). სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა მიმოწერა ქართველ მეგობრებთან...

ბორის პასტერნაკი 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წლიდან - გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

თავისი პირველი ლექსები 1913 წელს გამოაქვეყნა. 1914 - გამოსცა პირველი პოეტური კრებული „ტყუპისცალი ღრუბლებში“.

რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. 1958 წელს მისი კანდიდატურა წამოაყენა წინა წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ალბერ კამიუმ. პრემია პასტერნაკს მიანიჭეს.

პასტერნაკზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა საბჭოეთში, ის იძულებული იყო უარი ეთქვა პრემიის მიღებაზე... ალბერ კამიუმ და ჯავაჰარლალ ნერუმ მიმართეს საბჭოთა მთავრობას თხოვნით, არ დაესაჯათ ბორის პასტერნაკი...

ბორის პასტერნაკის უკანასკნელი წიგნი იყო „ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები“ (1958)...

ბორის პასტერნაკი გარდაიცვალა 1960 წლის 30 მაისს, მოსკოვის ოლქში, პერედელკინოში.

პრესა.გე-ს მკითხველს ვტავაზობთ მის შესანიშნავ ლექსს.

* * *

(თარგმნა სერგო წურწუმიამ)

იყო ცნობილი არ არის კარგი,
ეს არ ამაღლებს კაცს ცაზე მაღლა.
ხელნაწერების ნუ შექმნი არქივს,
არ ღირს მათ გამო შრომა და დაღლა.

შემოქმედების არის მიზანი –
თვითშეწირვა და არა ხმაური,
სამარცხვინოა და საზიზღარი
არარაობის აურზაური.

თვითმარქვიობის იყავ გარეშე,
განვლე ცხოვრება დაუძრახველი,
რომ გრძნობა გიძღვნან ყველა მხარეში
და თან მომავლის გესმას ძახილი.

დატოვე მუდამ შეუვსებელი
ბედი და არა თეთრი ქაღალდი,
ვერ პოულობდეს რათა მძებნელი,
რასაც ცხოვრების წიგნად სახავდი.

რომ დავიწყების ფარდა გფარავდეს,
რათა იფარო იგი ლითამად,
როგორც ნისლს იხდენს მიწა დანადენს,
როცა თვალთან ჭირს თითის მიტანა.

მომავლის მგზავრი გზას არ აცდება,
შენს ნაკვალევზე სხვები ივლიან,
არც გამარჯვება, არც დამარცხება
არ დაჰყო, რაც კი გამოგივლია.

ხვედრიც რომ გერგოს გასაოცარი,
ნუ უღალატებ რაც გწამს გულამდე,
იყავ ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალი,
იყავ ცოცხალი აღსასრულამდე.

1956 წელი