
აფხაზეთში მცხოვრები სომეხი: აფხაზებმა ფაშისტური რეჟიმი დაამყარეს (ვიდეო)
08:41:10     30-05-2012
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აფხაზეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების წარმომადგენელი, ოკუპირებულ რეგიონში არააფხაზი წარმომავლობის პირთა ყოფაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „აფხაზეთის რევოლუციის ლიდერებმა ეთნიკური ფაშიზმი“ ჩამოაყალიბეს, როცა არააფხაზს არანაირი უფლებები არ აქვს.
ვიდეოში მოსაუბრე ადამიანი ამბობს, რომ აფხაზები „სახელმწიფოს ეთნიკური პრონციპით“ აშენებენ, ისინი თავს „ნატურალურებად“ გრძნობენ რუსეთში, მაგრამ რუსებს უცხოელებად მიიჩნევენ აფხაზეთში; „ფაშისტური“ მუხლი უდევთ კონსტიტუციაშიც, როცა არააფხაზს არ შეუძლია პრეზიდენტი გახდეს; არააფხაზს არ აქვს საკუთრების შეძენის უფლება; „რბილი ეთნიკური ფაშიზმის პოლიტიკა“ გულისხმობს იმასაც, რომ ბიზნესი, ძალაუფლება, სახელმწიფოს მმართველობა სრულიად აფხაზების ხელშია კონცენტრირებული და სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის რაიმე თანამდებობის დაკავება წარმოუდგენელია.
ეს არის „ბანდიტური ეთნიკური ფაშიზმი“, რომელიც ყვავის აფხაზეთში - ამბობს აფხაზეთში მცხოვრები სომეხი.
ის დარწმუნებულია, რომ ერთადერთი გამოსავალი არააფხაზებისთვის აფხაზეთის დატოვებაა, რადგან ბანდიტური სტრუქტურები დღემდე მოქმედებს აფხაზეთის ტერიტორიაზე „ხელისუფლების“ მფარველობით და არააფხაზები „მეორე სორტის“ მოქალაქეები არიან და მათ დარჩენას აფხაზეთში აზრი არ აქვს.
ამასთან, ეს ადამიანი, რომელიც არააფხაზების შევიწროებაზე საუბროს, მოითხოვს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის რეჟიმზე ზეწოლა მოეთხოვოს, მათ შორის „საზღვრის ჩაკეტვითა და საზღვარზე სანიტარული კონტროლის ჩაყენებით“, რათა აფხაზებმა გაიგონ, რომ სხვა ეროვნებებისადმი მსგავსი დამოკიდებულებით ისინი არა მარტო ეკონომიკურ სანქციებს მიიღებენ, „არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვასაც“.