რუსეთს, თავის ტერიტორიაზე, ცხინვალელი კრიმინალების შეღწევის ეშინია

  21:16:38     29-05-2012

რუსეთში მესაზღვრის დღე აღნიშნეს და შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ რესპუბლიკებთან „საზღვრების“ თემაც აქტუალური იყო. როგორც ირკვევა, მოსკოვმა ორივე სეპარატისტულ რეგიონში, დაგეგმილი 45-დან, უკვე 32 „სასაზღვრო“ ობიექტი ააშენა.

ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო განყოფილება იცავს: აფხაზეთში 1300 მესაზღვრე, ცხინვალის რეგიონში კი 1200. ისინი ამ რეგიონებში ოჯახებიანად არიან ჩასულები და მათთვის სპეციალური საცხოვრებლებიც შენდება. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ექსპლუატაციაში შევიდა „ფსბ“-ს სასაზღვრო განყოფილების კიდევ ერთი ახალი სამხედრო „გარადოკი“, რომელიც 2 ჰექტარზეა განთავსებული. აქ ოჯახებთან ერთად 80 მესაზღვრე იცხოვრებს.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს და საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთს. რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო განყოფილების სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ოხოტნიკოვმა განაცხადა, რომ „საქართველო-რუსეთის საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთი მესაზღვრეების მუშაობას ართულებს“.

ამასთან, ოხოტნიკოვის თქმით მესაზღვრეები იმ პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებითაც მუშაობენ, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. კერძოდ, „საქართველოს ხელმძღვანელობის დასაველთის ქვეყნებზე და ნატოზე ორიენტაციის გაძლიერებას“, ასევე იმას, რომ „დამთავრებელია სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმება და შეუთანხმებელია რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „რუსეთის საზღვარზე“ კი რუს მესაზღრეებს სხვა ამოცანები ჰქონიათ გადასაჭრელი, რადგან ცხინვალის რეგიონიდან ყველაზე მეტად, როგორც ირკვევა, რუსეთს კრიმინალის ეშინია. ოხოტნიკოვის თქმით, ამ ოკუპირებულ რეგიონთან „საზღვრის“ დაცვას თავისი მახასიათებლები აქვს და ის დაკავშირებულია იმასთან, რომ „შენარჩუნებულია რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კრიმინალური ვითარება“ და  სახეზეა „სამხრეთ ოსეთის ცალკეული კრიმინალური ელემენტების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა“.

სამხრეთის საზღვრების დაცვა რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მას „მეზობლების დახმარება“ ეწოდება.

ასევე პრიოროტეტულია არქტიკის მიმართულებაც, სადაც 20 ახალი სასაზღვრო დანაყოფის მშენებლობის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. არქტიკის ბუნებრივ სიმდიდრეებზე თავისი კონტროლის დამყარებას მოსკოვი მურმანსკიდან ვრანგელის კუნძულამდე რამდენიმე ახალი სასაზღვრო დაცვის პუნქტის ორგანიზებით გეგმავს. ამჟამად ამ მიმართულებას „ფსბ“-ს ავიაცია,სასაზღვრო განყოფილების გემები და „ფსბ“-ს სანაპირო დაცვის განყოფილება აკონტროლებს.

რუსეთის საზღვრებისთვის საფრთხედ კი კვლავ რჩება „საერთაშორისო ტერორისტული და ექსპტრემისტული ორგანიზაციები“. საზღვრის დამცველთა თქმით, და მათ შორის, „განსაკუთრებულია „საზღვრის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილები“.