საქართველო, კოსოვოს დამოუკიდებლობას, კვლავ არ ცნობს

  14:07:54     29-05-2012

სერბეთმა, შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს. სერბეთის პრეზიდენტის, ტომისლავ ნიკოლიჩის შეფასებით, თუ ასეთი საკითხი პარლამენტში დაისმება, ის განხილული იქნება და ამით კოსოვოში, მათ ინტერესებს საფრთხე არ დაემუქრება. ნიკოლიჩის პოზიციას შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს სუვერენტიტეტის პატივისცემა სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის შეფასებით,  ქართველ და სერბ ხალხს ურთიერთმსგავსი ისტორიული წარსული აკავშირებს, რომელსაც თან მართლმადიდებლური ქრისტიანობისა და კულტურული ურთიერთობის ფაქტორი სდევს.

მისი თქმით, 1990-იან წლებში, ორივე სახელმწიფომ ერთნაირი ტრაგიკული წარსული გაიარა.

„საქართველოს, ისევე როგორც სერბ ხალხს, ევროპული მისწრაფება გააჩნია და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცალსახად აღიარებს და დარწმუნებულები ვართ, რომ სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დაცვა, რომელიც ასევე გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და სუვერენტიტეის პატივისცემას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ როგორც ორმხრივი, ისე ევროკავშირის ფარგლებში კონსულტაციებით, ამ საკითხს ნათელი მოეფინება და გაუგებრობა აღმოიფხვრება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი, ნიკოვიჩის განცხადებას, სერბეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან და დიმიტრი მედვედევთან გამართულ შეხვედრებს უკავშირდებს და საკითხზე საუბრისას, აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება სერბეთის ინტერესებში არ შედის, რადგან სერბეთის მიერ საქართველოს ამ ორი რეგიონის აღიარება მათი მხრიდან კოსოვოზე ხელის საბოლოოდ ჩაქნევას ნიშნავს, რაც ნიკოლიჩის გეგმებში არ უნდა ეწერებოდეს.

დეპუტატის მოსაზრებით, ტომისლავ ნიკოლიჩი იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმდევარია, რომელიც რუსეთზე ორიენტირებულად ითვლება. ამიტომ, მის პარტიას  ხელშეკრულება “ედინაია როსიასთან“ აქვს და სერებეთის პრეზიდენტის განცხადება გარკვეულწილად იმ პოლიტიკისთვის ხარკის გადახდა იყო, რასაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია.

„ნიკოვიჩის „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დეტალურად გავეცანი. მან აღნიშნა, რომ ის მოსკოვში ჩასული იყო არა როგორც სერბეთის პრეზიდენტის რანგში, არამედ „ედინაია როსიას“ ყრილობას არჩეული პრეზიდენტის რანგში ესწრებოდა. მისი კონფიგურაცია ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან მან თქვა, რომ თუ შეიძლება, არსებობდეს დამოუკიდებელი კოსოვო, რატომ არ უნდა არსებობდეს აფხაზეთი და ოსეთი და ჩვენ ამ საკითხს პარლამენტში ალბათ განვიხილავთო. ის, რომ ჩვენ თავის დროზე კოსოვო არ ვაღიარეთ, ეს ჩვენი პლუსია. ჩვენ ამას ვასაბუთებთ და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა გვიდასტურებს, რომ კოსოვოსთან დაკავშირებული პრეცედენტი აბსოლუტურად სხვაა, ხოლო საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხი სულ სხვა. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რაც დაფიქსირებულია ევროკავშირის, ევროსაბჭოს, სენატის რეზოლუციაში, ხოლო კოსოვოზე ასეთი ტერმინი არსად დაფიქსირებულა. კოსოვოს არ ვაღიარებთ“, – დასძინა დეპუტატმა.

რაც შეეხება იმ საკითხს, ზოგადად არაღიარების მიმართულებით, ქართული მხარე თუ რა პოლიტიკას ატარებს, მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველო ძალიან ბევრ ქვეყანასთან მუშაობს და მუშაობა სერბეთთანაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სეპარატისტთა აღიარებისთვის თანხებს არ ზოგავს. ოკუპირებული ტერიტორიები რუსული ფულის სანაცვლოდ, მხოლოდ ნაურუმ, ტუვალუმ და ვენესუელამ აღიარა. ცივილიზებული სამყარო კი, რუსეთს ოკუპანტ ქვეყნად მოიაზრებს.