
მიხეილ თავხელიძე: ივანიშვილი სხვა გზებით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას
09:11:54     29-05-2012
ექსპერტი მიხეილ თავხელიძე ამბობს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მას სურს რეალური კონკურენტი ძალა იყოს არჩევნებში. ექსპერტის შეფასებით, ივანიშვილს, აქციაზე კონკრეტული არაფერი უთქვამს და გაიმეორა ის, რასაც ყოველთვის ამბობს ის და მისი გუნდის წევრები.
„კეთილი სურვილები, რომ საქართველო კარგად უნდა იყოს, ხალხი არ უნდა იყოს გაჭირვებული, კარგი ამინდი გვინდა და მსოფლიოში გვჭირდება მშვიდობა, ეს ყველამ ვიცით. ეს, არ არის ივანიშვილის პროგრამის ნაწილი. მშვიდობის ხიდის დანგრევას ვაპირებო, გუშინ რომ ეთქვა, ეს უკვე იქნებოდა კონკრეტული განცხადება და დაპირება, მაგრამ ესეც არ უთქვამს“ - ამბობს ექსპერტი. „პრესა.ჯის“ ექსპერტი მიხეილ თავხელიძე ესაუბრა.
- რა გზავნილები დაინახეთ ივანიშვილის მხრიდან, რომელიც „თავისუფლების მოედანზე“ შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოვიდა?
- ვერაფერიც ვერ დავინახე. ის იყო, რასაც მანამდეც ლაპარაკობდა. ეს შეიძლება მისაღები იყოს მისი გადამკვდარი მხარდამჭერებისთვის, მაგრამ იმათთვის ვინც არჩევნებზე უნდა აირჩიოს ქვეყნის მომავალი ხელისუფლება, არაფერი ყოფილა.
გუშინდელი გამოსვლა, როგორც მისი წინა გამოსვლები, გაუგებარი იყო და ვერავინ ხვდება, რა უნდა ამ კაცს.
- 27 მაისის აქცია, დაანონსებული იყო, როგორც შეხვედრა ამომრჩეველთან და საარჩევნო კამპანიის დასაწყისი.
- საერთოდ, ივანიშვილსა და მისი კოალიციის წევრებს, ახასიათებთ რომ დაპირებებს იძლევიან კონკრეტული თარიღების მიხედვით. იძახიან, ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი, იმ თვის ბოლოს, ზაფხულში, შემოდგომაზე და ეს კონკრეტული დღე არ დადგა. მუდმივი საუბარი იყო, რომ ამ აქციით იწყება საარჩევნო კამპანია და წარმოვადგენთ პროგრამას. მსგავსი, მე ვერაფერი დავინახე გუშინდელ აქციაზე. კეთილი სურვილები, რომ საქართველო კარგად უნდა იყოს, ხალხი არ უნდა იყოს გაჭირვებული, კარგი ამინდი გვინდა და მსოფლიოში მშვიდობა, ეს ყველამ ვიცით და ეს არ არის ივანიშვილის პროგრამის ნაწილი. „მშვიდობის ხიდის“ დანგრევას ვაპირებო გუშინ რომ ეთქვა, ეს უკვე იქნებოდა კონკრეტული განცხადება და დაპირება, მაგრამ ესეც არ უთქვამს.
- ნინო ბურჯანაძე და ძმები გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ ივანიშვილის მხარდამჭერებს. რატომ დასჭირდა ოლიგარქს ახლა „სახალხო კრება“ და ბურჯანაძე, იმ განცხადების ფონზე, როცა მან მოუწოდა ოპოზიციონერ ლიდერს, განზე გამდგარიყო და მისთვის ხელი არ შეეშალა?
- დესტაბილიზაციის მოწყობა, ყოველთვის იყო ამ სტრატეგიის ნაწილი. გუშინდელმა აქციამ, ეტყობა დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილი, რომ არ გამოუვიდა საპროტესტო მუხტის შექმნა. მუხტის შექმნის სპეციალისტები ძმები გაჩეჩილაძეები და ბურჯანაძე არიან. ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა ითანამშრომლონ ივანიშვილმა და ბურჯანაძემ? გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და რამე არეულობა მოაწყონ. ივანიშვილის ორიენტირი, მისივე განცხადებით, არის დასავლეთი და ნატო, ხოლო ბურჯანაძემ მოქმედებით დაამტკიცა, რომ მისთვის წითელ მოედანზე საბჭოთა ჰიმნის მოსმენაა პრიორიტეტი. როგორ უნდა ითანამშრომლონ? ეს მაფიქრებინებს, რომ, ალბათ, ვნახავთ ერთად იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილს დასჭირდება ქუჩაში ჯოხებიანი ხალხის სირბილი.
- აქციიდან გამომდინარე, როგორი იქნება 2012 წლის შემოდგომა?
- ივანიშვილი არჩევნებს რომ ვერ მოიგებს, სრული უმრავლესობით კი არა, მარტივი უმრავლესობითაც, ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება. დიდი ალბათობაა, რომ ძალიან სუსტი შედეგი ექნეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილი სულელია. მიუხედავად მისი რიტორიკისა, ის კარგად ხედავს თავის რეალურ შესაძლებლობას. ამიტომაც არ მიკვირს მისი თანამშრომლობა ქუჩის სპეციალისტებთან. ამასთან, ივანიშვილს აქვს გათვლები, არჩევნების კატასტროფულად წაგების შემთხვევაში, მას დასჭირდება ქუჩაში გამოსვლა და ამის სპეციალისტები როგორც მოგახსნეთ ბურჯანაძე და ძმები გაჩეჩილაძეები არიან.
გახსოვთ, თავის დროზე ამბობდა ივანიშვილი, რომ გაჩეჩილაძეებთან არ ითანამშრომლებდა, მიუხედავად იმისა, რომ იცნობს ორივე ძმას. ახლა, აღმოჩნდა რომ ითანამშრომლებს. ბურჯანაძესთან კიდევ უფრო რადიკალური და კატეგორიული იყო, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ რატომაც არ შეიძლება ბურჯანაძესთან თანამშრომლობა? რაღაც პერიოდის შემდეგ, სულაც არ გამიკვირდება რომ თქვას, აი ნატოში ვერ შევდივართ და სამაგიეროდ, მე პუტინთან შემიძლია ურთიერთობის დალაგებაო. მისი საქმიანობა, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის სერიოზულად ფიქრობს არჩევნებში ხელისუფლების კონკურენტი იყოს. ვფიქრობ, სხვა გზებით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას.