ექსპერტთა მოსაზრებით, ხუგაევის „მთავრობა“ დიდხანს ვერ გაძლებს

  08:52:06     28-05-2012

როგორც იქნა, ცხინვალის რეგიონს, მოსკოვთან ორთვიანი კონსულტაციის  შემდეგ, ახალი მარიონეტული მთავრობა ეღირსა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტები მას ერთიან გუნდად მაინც არ განიხილავენ. მათი მოსაზრებით, როსტიკ ხუბაევის „მთავრობაში“ სხვადასხვა მიმართულებისა და ურთიერთგამომრიცხავი ძალების წარმომადგენლები შედიან.

ამის მიზეზი ისაა, რომ „პრეზიდენტ“ ლეონიდ თიბილოვს კომპრომისებზე მოუწია წასვლა. თუმცა იმასაც არ გამორიცხავენ, რომ დროთა განმავლობაში იგი შეეცდება, რომ ისინი მოიშოროს. ამიტომ, „კაბინეტის“ შემადგენლობის კორექტირება მოსალოდნელია.

ჩრდილოეთ ოსეთის სოციალურ და ჰუმანიტარულ კვლევათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ– თანამშრომელი, პოლიტოლოგი ინალ სანაკოევი მიიჩნევს, რომ კადრების დანიშვნა პოლიტიკური კომპრომოსის შედეგად მოხდა. „პრეზიდენტისთვის აუცილებელი იყო საზოგადოებრივი სიმშვიდის დამყარება. ამასთან, მასვე მოსკოვის მოსაზრებაც უნდა გაეთვალისწინებინა. ამიტომ შერჩეული კადრების პროფესიონალიზმზე საუბარი ზედმეტია: „მთავრობა“, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე შეირჩა, ეფქტური და თანმიმდევრული მუშაობისთვის მცირე შანსი აქვს. ამიტომაც მას მალე დანიშვნების ახალი ტალღა მოჰყვება, რომელთა შერჩევა უკვე პროფესიონალიზმის მიხედვით მოხდება“.

ექსპერტი ჩრდილოეთ ოსეთიდან, რუსლან მაგკაევი ეჭვობს, რომ „მთავრობაში“ შესული ყველა ადამიანი პრემიერ–მინისტრის წამოყენებულია. ამიტომაც მისი გავლენა მინისტრებზე შეზღუდული იქნება: „მიმაჩნია, რომ ხუგაევი პრემიერ–მინისტრის პოსტზე დიდხანს ვერ დარჩება. ზეგავლენის რეალური ბერკეტები ლეონიდ თიბილოვისა და ბორის ჩოჩიევის ხელში რჩება“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალა ჯიოევას დანიშვნასაც უსკანდალოდ არ ჩაუვლია. როგორც ჩვენი წყარო იუწყება თიბილოვის გარემოცვიდან, „პრეზიდენტი“ მოსკოვის ზეწოლით ცდილობდა ჯიოევასთვის პერიფერიული თანამდებობა მოეხვია თავს. კომპრომისის სახით მას განათლების მინისტრობა შესთავაზეს. ამის პასუხად ოპოზიციის ყოფილი ლიდერის მომხრეები კვლავ ქუჩაში გამოსვლით დაიმუქრნენ. ამ არგუმენტმა მაშინვე იმოქმედა და ჯიოევასაც „ვიცე–პრემიერად“ დანიშვნის შესახებ განკარგულება პირდაპირ სახლში მიურბენინეს.

ჩვენს მიერ ზემოთნახსენები რუსლან მაგკაევი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში თიბილოვმა უფრო მოიგო: „ეს ფორმალური დანიშვნაა. არ ვფიქრობ, რომ მას (ჯიოევას) რეალური ფუნქციები ექნება. „მთავრობაში“ შესვლით ჯიოევამ თიბილოვის „პრეზიდენტობის“ ლეგალიზება მოახდინა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის „ხელისუფლებაში“ დიდხანს ვერ დარჩება“.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „რუხს ფიდანის“კოორდინატორი, ალან გასიევი კი მიიჩნევს, რომ სწორედ ჯიოევას ავტორიტეტი ახდენს სხვადასხვა ინტერესების მქონე კონგლომერატის „მთავრობაში“ ცემენტირებას. პირველ რიგში, „პრეზიდენტს“ მოუწევს სწორედ მის ლეგიტიმურობას დაეყრდნოს და არა მოსკოველ კურატორებს უსმინოს.

ჯიოევას დანიშვნასთან დაკავშირებული სიტუაციისთვის დამახასიათებლია ასეთი მჭერმეტყველური დეტალიც. ოპოზიციამ შეადგინა იმ ჩინოვნიკთა სია, რომელთა გათავისუფლებასაც ისინი ახალი „ხელისუფლებისგან“ მოითხოვენ. მაგალითად, განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს ინარჩუნებს ზამირა ჯიოევა, რომელიც ამ სიაშია. როდესაც ალა ჯიოევა“ვიცე–პრემიერად“ დაამტკიცეს,მას მისმა მომხრეებმა ამის შესახებ შეახსენეს. თუმცა, მისი პასუხი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მან განმარტა, რომ დამოუკიდებელი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავება ურჩიეს...

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლეონიდ თიბილოვს არაპოპულარული ზომების მიღება მოუწევს – ან გათავისუფლდეს არაეფექტური ჩინოვნიკებისგან, ან „გუნდის შეცდომებზე“ თავად აგოს პასუხი.