იოსებ ბაქრაძე - „მე ქართველი ვარ!“
08:23:30     28-05-2012
1904 წლის 14 (ახალი სტილით 27) მაისს თბილისში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი იოსებ ბაქრაძე.
იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე ბაქრაძე დაიბადა1850 წლის 1 (ახალი სტილით 14) თებერვალს სოფელ არბოში, გორთან ახლოს.
იგი გახლდათ ნიკო ლომოურის დეიდაშვილი და მამით ადრე დაობლებული იზრდებოდა მათ ოჯახში. მწერლობა 1870-იანი წლებიდან დაიწყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია სამშობლოს სიყვარულითა და უბრალო, მშრომელი ადამიანებისადმი პატივისცემით. რუსულიდან თარგმნიდა სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებს.
თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „დროება“, „ივერია“, „მნათობი“, „კვალი“,“მოამბე“, სადაც გარდა ლექსებისა და თარგმანებისა აქვეყნებდა წერილებსაც. მოღვაწეობდა ქართველ ხალხოსნებთან ერთად. ზრუნავდა ქართული თეატრის რეპერტუარის გამდიდრებისათვის. გ. სუნდუკიანთან ერთად თარგმნა მისი პიესები "პეპო" (1895), "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი".
იოსებ ბაქრაძის ზოგი ორიგინალური თუ თარგმნილი ლექსი - "მე ქართველი ვარ!", "სიმღერა" ("არც სახლი მაქვს, არც კარი"), ჰაინეს "ტურფავ, ტურფავ" და სხვა ხალხურ სიმღერებად იქცა. იოსებ ბაქრაძის ფსევდონიმებია "ი. ელაქიძე", "ი. ოქრიაშვილი", "გ. თენაძე", "გ. ციმაკურიძე".
იოსებ (სოსიკო) ბაქრაძემ თარგმნა კარლ გუცკოვის “ურიელ-აკოსტა”, ნადსონის ლექსები, ბაირონის "ჩაილდ-ჰაროლდი" ("ივერია", 1879), უოლტერ სკოტის "აივენგო" (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1895, 1938), ვ. ალფიერის "ვირგინია" (1873), შილერის "მარიამ სტიუარტი" (1892) და "პაცის ჯალადობა", ვ. პოტოს "საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო" (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1894). ჰაინეს ლირიკის ნიმუშები და სხვა. იგი არის პირველი მთარგმნელი ოვანეს თუმანიანის თხზულებებისა.
როგორც ვთქვით, იოსებ ბაქრაძე გარდაიცვალა 1904 წლის 14 (ახალი სტილით 27) მაისს თბილისში. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.
პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ იოსებ ბაქრაძის ლექსს „მე ქართველი ვარ!“
მე ქართველი ვარ!
მე ქართველი ვარ! ჩემი სამშობლო
ორ ზღვას შუაა გადაჭიმული;
თუმც პატარაა, მაგრამ ბუნებით
ყოვლის სიმდიდრითა არის შემკული.
მის დიდროვანი მაღალი მთები
შეხეთ, თითქოს ცას ებჯინებიან
და იქიდამა ტურფა ქვეყანას
ამაყურათა თავს დასცქერიან:
მე ქართველი ვარ! მთლად ქართველობა
რაღაც ღრმა ძილში არის ჩაფლული
და მამულისთვის არა ღელდება
გაქვავებული იმისი გული!
როს ვაკვირდები ჩვენს ამგვარ ყოფას,
სული და გული კვნესას დამიწყებს,
მაგრამ იმედი, ისევ იმედი
სულით მაშვრალსა მარად მამხნევებს.
მე ქართველი ვარ! მრწამს, რომ როდისმე
წავა, გაივლის ეს დრო ძილისა
და დღესა თუ ხვალ, უეჭველათა,
გამობრწყინდება მზე მომავლისა.
მე ქართველი ვარ! მაგრამ მითხარით:
აწ რაღა არის კაცი ქართველი?
ის იმყოფება სიბნელეშია
და თვალებს სჭვალავს დღისა ნათელი.
აქ აღარ ისმის ხმა ცხოვრებისა,
მის შიშით მტრები აღარა თრთიან
და თვითონ ჩვენი ღვიძლი მოძმენი
სოცოცხლეშივე საფლავს გვითხრიან!
1873 წელი