მაიკლ მაკფოლიმ, რუსეთი ყირგიზეთის მოსყიდვაში დაადანაშაულა
05:31:36     27-05-2012
პარასკევს, 25 მაისს, მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ 2009 წელს ყირგიზეთი „მოისყიდა“. ამის შედეგად ბიშკეკის აეროპორტში ბიშკეკის აეროპორტ „მანასში“ განთავსებული ამერიკული ავიაბაზა ლიკვიდირებულიქნა.
„მე დიპლომატიური არ ვიქნები გამონათქვამებში და პირდაპირ ვიტყვი – თქვენმა ქვეყანამ მოისყიდა ყირგიზეთი, რომ „მანასიდან“ ამერიკელები გაეძევებინა“, – მოჰყავს სააგენტო „ რია ნოვოსტის“ მაკფოლის სიტყვები.
ცნობისათვის: ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტ „მანასში“ ამერიკის შეერთებული შტატების ტრანზიტული გადაზიდვების ცენტრი 2001 წელს შეიქმნა, „შეურყეველი თავისუფლება ავღანეთს“ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ნიუ–იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ დაიწყო.
2009 წლის დასაწყისში, ყირგიზეთის ხელისუფლებამ (მხედველობაშია ყურბანბეკ ბაკიევის პრეზიდენტობის პერიოდი, –ავტ.) ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმება გააუქმა და მეთვალყურეები ამას არაოფიციალურად ბიშკეკისთვის მოსკოვის მიერ გაწეულ ფინანსური დახმარებას უკავშირებდნენ.
2009 წლის ზაფხულში, ყირგიზეთმა და აშშ–მა ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ბაზას „ტრანზიტული გადაზიდვების ცენტრი“ ეწოდა. თუმცა, მისი ფუნქცია არ შეცვლილა.
მაიკლ მაკფოლიმ ხაზი გაუსვა, რომ საბოლოოდ ამერიკელ სამხედროთა ყირგიზეთში ყოფნის საკითხის გადაწყვეტა მაინც შესაძლებელი გახდა. ამისათვის საჭირო შეიქმნა რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების ცალკე მოლაპარაკებები. ელჩის თქმით, „მანასის“ სამხედრო ბაზა აუცილებელია ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების გადასასროლად.
ოფიციალური მონაცემებით, დღეისთვის „მანასში“ განთავსებულია 1500 ამერიკელი სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომელი, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას. ყირგიზეთში ამერიკული ავიაბაზის განთავსების შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის შემოდგომამდე მოქმედებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის მარტში აშშ–ის ელჩმა ყირგიზეთში, პამელა სპრატლენმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის შესაძლო სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, აეროპორტ „მანასის“ ტრანზიტული ცენტრი არ იქნება გამოყენებული.
ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა განაცხადა, რომ შეთანხმების ვადის ამოწურვისთანავე, ამ ბაზის სრულად დახურვა აქვს გადაწყვეტილი.