ცხინვალელ „დეპუტატს“ რუსებმა გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს

  05:12:20     27-05-2012

ცხინვალელი ე.წ. დეპუტატი ბალა ბესტაუტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ვლადიკავკაზში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს, როგორც ირკვევა, პოლიციამ მხოლოდ „გაუსვლელობის ხელწერილით“ გაათავისუფლა და არა გაათავისუფლა საერთოდ, როგორც ამას მანამდე ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ.

კერძოდ, ადგილობრივი გამოცემები იუწყებოდნენ, რომ რუსეთის საზღვარზე, საქართველოს მოთხოვნითა და ინტერპოლის სანქციით,  ბალა ბესტაუტის დაკავება გაუგებრობის შედეგი იყო და „ზევიდან ჩარევის“ შემდეგ ის გაათავისუფლეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბალა ბესტაუტი დღესაც ვლადიკავკაზშია და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ოსრადიოს“ მან თავად განუცხადა და განუმარტა, რომ 18 მაისს, დაკავების შემდეგ, ის, პოლიციიდან, გაუსვლელობის ხელწერილით გამოუშვეს და ამის გამო ცხინვალში დაბრუნების უფლება არ აქვს. ბესტაუტი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დააკავეს ინტერპოლის ხაზით, საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ბესტაუტზე, სამხედრო დანაშაულების გამო, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ცხინვალელი „დეპუტატი“ იმასაც ამბობს, რომ მის შემთხვევაში საქმე სერიოზულად არის, ვიდრე, ვთქვათ, სხვა ანალოგიური ხასიათის დაკავებების შემთხვევაში ყოფილა. „ასეთი ხანგრძლივი დაკავება, როგორიც ჩემია, პირველი შემთხვევაა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობაა. იქნებ, აუცილებელი ფორმალობაა“ - თავს იიმედებს ბესტაუტი. ცხინვალში კი ამ დაკავებამ ახალი საფიქრალი გააჩინა.

„სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილია შეთანხმება, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის კანონების აღიარებას ნიშნავს. თუ დეპუტატი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხელშეუხებლობით სარგებლობს, მაშინ, ეს ვრცელდება რუსეთის ყველა ორგანოზეც“ - განაცხადა ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ.

თუმცა რუსეთი, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც არ აღიარებს „სამხრეთ ოსეთის კანონებს“. ამას ბესტაუტის დაკავება მოწმობს. ასევე ცხინვალელი კოლეგებისადმი საერთოდ, უპასუხისმგებლოდ მოქცევაც. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მურატ ჯიოევი ამბობს, რუსებმა მათ უთხრეს, რომ ბესტაუტს 4 მუხლით ედება ბრალი, „თუმცა ჩვენ არ აგვიხსნეს, რას გულისხმობს ეს ოთხი მუხლი“.

ცხინვალის „მაღალი თანამდებობის პირებს“ რუსეთი არც იმის შესახებ აძლევს ახსნა-განმარტებას, თუ რას უკავშირდება ბესტაუტის დაკავების ფაქტი, როცა მას მანამდე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე არაერთხელ გადაუკვეთია რუსეთის საზღვარი. „ახლა კი გამოდის, რომ ასეთი რამ შეიძლება ყოველ ჩვენთაგანს დაემართოს“ - ფიქრობენ ცხინვალში.