
„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნატოს წევრობისაკენ“
17:57:33     26-05-2012
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში. ქვეყნის პირველმა პირმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა და საინტერესო აქცენტები გააკეთა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტის დროს, საქართველომ ნატოს წევრებისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
პრეზიდენტის განცხადებით, „ნატოს წევრობის გეგმა ძალიან რეალისტურია. ამ წინსვლის მიუხედავად კი, საქართველოს შენების პროცესი დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვაქვს ასაშენებლი, ვიდრე ეს დღეს კეთდება. ჩვენ ვიზიდავთ ახალ ინვესტიციებს, იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ ვიცი, რომ უამრავი ადამიანი და ოჯახი მომჭირნეობით ცხოვრობს, მათი ყველას ბედი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „კორუფციის ძველი ქურუმები ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. წარსულის ბნელი ძალები, რა ფულითაც უნდა შეიარაღდნენ, როგორც უნდა მოიტყუონ, რა ხიდების დანგრევაზეც არ უნდა იოცნებონ, ვერ შეაჩერებენ საქართველოს და ქართველი ხალხის წინსვლას“.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეზეც ისაუბრა: „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მეზობელმა ჩვენი არჩევნების პარალელურად დანიშნა ძალიან დიდი სამხედრო სწავლებები და ამით შეეცდება რაიმე მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. ვიცით, რომ ამის გეგმები არსებობს, ფული შემოედინება და ყველაფერი კეთდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი საკუთარი დემოკრატიის გადასარჩენად იბრძოლებს“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ დროისათვის, ქუთაისში აღლუმის გახსნა მიმდინარეობს. პირდაპირი ეთერისათვის თვალყურის დევნება „ფეისბუქზე“, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.