თურქეთი ბაქოში სარდლებს გზავნის, ირანი კი სამხედრო გემებს

  12:02:19     26-05-2012

თურქეთი ბაქოში ყველა ჯარის სახეობის სარდლებს აგზავნის. როგორც სააგენტო „რეგნუმი“ წერს, მომავალი თვის დასაწყისში, აზერბაიჯანში თურქეთის 4 უმაღლესი რანგის სამხედრო პირის ვიზიტია დაგეგმილი. ესენი არიან: სახმელეთო ჯარების სარდალი, არმიის გენერალი ხაირი კივრიკოღლუ, საჰაერო ძალების სარდალი მეხმეტ ერტენი, საზღვაო ძალების სარდალი მურად ბილგელი და ჟანდარმერიის მეთაური ბეკირ კალიონჩუ.

სააგენტოს წყაროები იტყობინებიან, რომ თეირანთან დაპირისპირების ფონზე, ეს ბაქოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირება იქნება.

„თურქეთს ამ ნაბიჯით სურს გააგებინოს ირანს, რომ ის აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს“ - განაცხადა „რეგნუმთან“ საუბრისას აზერბაიჯანში მყოფმა თურქეთის სამხედრო წრეებთან დაახლოებულმა პირმა.

ამასთან, როგორც გაზეთი „ენი მუსავატი“ ირანთან მოსაზღვრე აზერბაიჯანის ასტარინსკის რაიონის მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, უკვე მეორე დღეა, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების 6 სამხედრო გემი ძალიან მიუახლოვდა აზრბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. მოსახლეობის დაკვირვებით, ირანული გემები მანევრებს ასრულებენ, „თითქოს, სურთ, აზერბაიჯანის წინაშე საფრთხის დემონსტრირება მოახდინონ“ - ამბობს მოსახლეობა.

ირანის საზღვაო ფლოტის სამხედრო მანევრები ბაქოსა და თეირანს შორის საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თებრიზში, აზერბაიჯანის საკონსულოსთან და ირანის კიდევ რამდენიმე ქალაქში აქციები ჩატარდა, რომლის მონაწილეებიც ბაქოში „ევროვიზიის“ გამართვისა და ამ კონკურსის ფარგლებში თოთქოსდა დაგეგმილი „გეი-აღლუმის“ ჩატარების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

თავის მხრივ, აქციები ჩატარდა აზერბაიჯანშიც, ირანის საელჩოსთან, რომლის მონაწილეებმაც ირანში აზერბაიჯანული დიასპორის უფლებების შელახვის გამო გამოხატეს პროტესტი და ირანის პრეზიდენტი და სულიერი წინამძღოლი გააკრიტიკეს.

ამ ყოველივეს კი შედეგად მოჰყვა ის, რომ ირანმა აზერბაიჯანიდან თავისი ელჩი გაიწვია, თუმცა ითქვა, რომ მხოლოდ „კონსულტაციებისთვის“.

გაზეთი „ზერკალო.აზ“ კი წერს, რომ 22 მაისს ირანის ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აუკრძალა სატვირთო მანქანებს აზერბაიჯანიდან. გამოცემა „თურანს“ ამის შესახებ თავად მძღოლებმაც შეატყობინეს. აზერბაიჯანის ბილიასუვარსკის სახელმწიფო საბაჟო განყოფილებაც იტყობინება, რომ ირანი მხოლოდ ავტობუსებს ატარებს, სატვირთო ტრანსპორტის შეშვებაზე კი გაურკვეველი მიზეზით, უარს ამბობს, რის გამოც საზღვარზე რიგებია.