მერაბ კოსტავა - „სტიქიონების კუშტი მხედარი“
08:26:08     26-05-2012
26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
1918 წლის 26 მაისს ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა დაიბადა, ძველის საფუძველზე, რა თქმა უნდა. ამ მხრივ, 1991 წლის 9 აპრილიც 1918 წლის 26 მაისის აქტის გაგრძელებაა. ასეც აწერია - „დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, 1991 წლის 9 აპრილის ეროვნულ დოკუმენტს...
შემთხვევითი არაა, რომ მერაბ კოსტავა 26 მაისს დაიბადა...
მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდიამ ძე „ქარიშხლისა უწოდა“, ხალხმა „ქართველი ერის სინდისი“, თუ არ ვცდები, ვგონებ ვიღაცამ „კუშტი მხედარიც“, ეროვნული გმირი რომაა, ამაზე საუბარიც ზედმეტია.
მერაბ კოსტავას მართლაც უნდა ეწოდებოდეს „სტიქიონების კუშტი მხედარი“. ამ ლექსს დღეს გავიხსენებთ. მერაბ კოსტავა მართლაც კუშტი გახლდათ. კუშტი ნიშნავს მოღუშულს, პირქუშს, მკაცრს (განმარტებითი ლექსიკონი).
ქართული მითოსური სინამდვილე ადრეც იცნობდა სხვა მსგავს ღვთისშვილს - პირქუშს. წარბებშეკრული მერაბი კუშტი სახით იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისათვის. მებრძოლობა მხედრობასთანაა გაიგივებული ქართულ ცნობიერებაში. რაც შეეხება სტიქიონებს, მერაბი, შეიძლება ითქვას, სტიქიონების მომთვინიერებელი გახლდათ, ნახევრად ღმერთკაცი (როგორც ვთქვით, ღვთისშვილი), რომელიც თვითონ ქმნიდა, თავად აწრთობდა, აფოლადებდა ახალ სტიქიას, ახალ ტალღას, ახალი თავისუფლებისმოყვარე თაობისას. ის „უსაზღვროების ნესტრით ვნებული, სტიქიონების კუშტი მხედარი“ - ქარიც იყო და სტიქიონებში გაკაჟებული მუხაც, „ველად გასული ფალავანივით“...
როცა სხვები დინებას მიჰყვებოდნენ, პროტესტის გარეშე, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ცხოვრების მდინარის სათავეებისკენ მიაპობდნენ ჩქერალებს ახალი, თავისუფალი თაობების შესაქმნელად.
მისი ბიოგრაფია მარტივია და რთულიც. რთული ადამიანისთვის გადასატანად (შესაძლოა აღსაწერადაც), მარტივი გადმოსაცემად - ეროვნული გმირი, ერის სინდისი...
მერაბ კოსტავა საქართველოს ბედისადმი პროფეტული ოპტიმიზმით იყო სავსე. დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი სამშობლო განწირული არ ჰყავს უფალს და უსათუოდ მიიღებს თავისუფლებას.
როცა მერაბ კოსტავას უყურებდი კაცი, მუდამ ღარიბს და სადას, მუდამ შემართულს და მეომარს, რიხიანს და ფაქიზს, მუდამ შემნდობსა და ამაღლებულს, გეგონებოდა რომ შეცდომით დაიბადა მეოცე საუკუნეში. ის და ზვიადი. ან საგანგებოდ, რომ ღმერთს ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ რაინდობა ყოველი საუკუნისთვის დამახასიათებელია, რომ ყველა საუკუნეში შიძლება რაინდივით იცხოვროს კაცმა. რომ ყოველ საუკუნეში შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ნამდვილად უმწიკვლოდ.
მერაბის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი შესანიშნავი უსათაურო ლექსი (...“უსაზღვროების ნესტრით ვნებული“). კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მერაბ კოსტავა დიდი პოეტი იყო. რა სახეებია, რა შედარებები, მშვენიერი ლექსიკა, იდეა, ბრწყინვალე ფრაზები, მშვენიერი რითმი, ლაღი და ბუნებრივი რიტმი... საქართველოს ყველა ლიდერი სიტყვის ოსტატიც გახლდათ. თუ გიჭრის კალამი და ქართული სიტყვის მადლს ფლობ, ეროვნული მოძრაობის ავანგარდშიც შეგიძლია ჩადგე..
ადრეც ვთქვი, ახლაც მინდა გავიმეორო, მერაბ კოსტავას ლექსები სკოლაში უნდა ასწავლონ ბავშვებს. ჩვენ ისედაც შესანიშნავი პოეზია გვაქვს, ამ მხრივ ძალიან მდიდრები ვართ, მაგრამ, მერაბმა კიდევ უფრო გაამდიდრა ჩვენი პოეზია.
* * *
უსაზღვროების ნესტრით ვნებული
სტიქიონების კუშტი მხედარი
წუთისოფელზე გაავებული
თანასწორს თვისას დაეძებს ქარი.
„მუხავ, სადა ხარ ოხერტიალო,
ბრგეო თელავის გალავანივით.
ბერო რაინდო ალაზნიანო,
ველად გასულო ფალავანივით.
ტანით ღრუბლებში გადაზიდულო,
მხრებზე კუნთები გასხდეს კლდოვანი,
იუპიტერით შუბლდაღარული
ხარ მედიდური და ახოვანი.
თავზე ამაყად დაგყეფს არწივი
და მორჭრით პასუხს რად გაიჭირვებ,
მზეს ებჯინებნები ტოტებაწვდილი
თითქო მკლავებით ზეცა გიჭირავს.
მუხავ, შენს ნახვას არა ვგვიანობ,
სამამაცოთა ზნეთა მპყრობელი.
რომ შენს მკლავებში ავახმიანო
გარდასულ გმირთა საგალობელი.
ხეო, ზვარაკო, დაჭრილო ელვით,
მეხთამტეხელი ღმერთის ტარიგო,
გრიგალთა გვემამ როგორ დადრიკოს
ღვარად მომსკდარი რტოების ღელვა,
ტრიალ მინდორში დაგიმარტოვე,
უტეხად ქედი არ მოგიხარე,
მეკვეთე, მაგრამ დაძარღვულ რტოებს
ჯიქურ მკლავი ვერ გადავუხარე,
მე შეგისახლე ძალა ცხოველი
გიფოლადებდი ძვლებს კოჟრებიანს,
შეუმუსრავი ნაკვთი ყოველი
ჩემთან ბრძოლაში გაგკაჟებია,
ჭეშმარიტ შვებას სახემზიანო
შენი გვირგვინის ხავერდში ვპოვებ,
როს ზარებივით ავაწკრიალებ
ვარსკვალავებივით გამოსხმულ რკოებს.
მაგრამ სულ სხვაა შენი დუმილი,
და გარინდება გასაკვირველი,
როს იდუმალთა წვდომის წყურვილით
მიწის სიღრმეში შენ იმზირები.
მაშინ მიმწუხრის აბნევ ფლუიდებს,
გულს ამოისკვნი სხვაგვარ კილოზე,
მეც ვირინდები, როგორც დრუიდი,
რომ შენს ჩეროში გულით ვილოცო.