
‘’მაესტროს’’ შენობაში, ივანიშვილმა თამარ ჩუგოშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
23:53:58     25-05-2012
ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა ტელეკომპანია ‘’მაესტროში’’, ბიძინა ივანიშვილსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილს შორის.
როგორც ‘’პრესა.ჯი’’-ს ტელეკომპანია ‘’მაესტროს’’ თანამშრომელმა შეატყობინა, ოლიგარქი თამარ ჩუგოშვილს ტელეკომპანიის შენობაში შემთხვევით შეხვდა და ფონდ ‘’ქომაგზე’’ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების გამო საქმის გარჩევა დაუწყო.
ივანიშვილმა ჩუგოშვილს მოსთხოვა ‘’შეცდომა’’ გამოესწორებინა. მწვავე საუბარს ტელეკომპანია ‘’მაესტროს’’ ოპერატორი იღებდა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ‘’პრესა.ჯი’’ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს დაუკავშირდა.
თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: ‘’აქცენტი იყო იმაზე, რომ თითქოს ჩვენ არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ. რეალურად ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ იმაზე, რაც საზოგადოებამაც თვალნათლივ ნახა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია და გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით არ ვიღებთ, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მომდინარეობს პრობლემა. მიუხედავად იმისა, ვინ აკეთებს ამას, ჩვენ ვამბობთ რა არის სწორი და რა არა. შესაბამისად, ივანიშვილის ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი.
აქამდე არცერთ პოლიტიკურ წარმომადგენელთან, მათ შორის ხელისუფლების, მსგავსი კომუნიკაცია არ მქონია.
- სად შეხვდით ერთმანეთს და როგორ მოგმართათ მან?
- მე მგონი ყველაფერი არის ფირზე და შეგიძლიათ ნახოთ, იქ იყო ვიდეო კამერები, რომელიც ამას იღებდა.
- საეჭვოა ‘’მაესტრომ’’ ეს ფირი საჯარო გახადოს, როგორც ვიცით საკმაოდ მწვავე საუბარი გქონდათ, ის წყობიდან გამოვიდა თქვენს დანახვაზე.
- ასეთი მძაფრი არ ყოფილა. მე არ დამრჩენია ასეთი შთაბეჭდილება. შესასვლელში შევხვდით შემთხვევით და მითხრა რომ არასწორად მიაჩნია ‘’ქომაგთან’’ დაკავშირებით გამოქვეყნებული ჩვენი განცხადება. მან შეცდომის გამოსწორებაზე მიმითითა, რაზეც ვუპასუხე: არ მიმაჩნია რომ შეცდომა დავუშვით და შესაბამისად, გამოსასწორებელიც არაფერი გვაქვს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ვაკეთებთ ჩვენ საქმეს მიუკერძოებლად და მითითებები პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხრიდან ალბათ სწორი არ არის.’’