ალა ჯიოევა “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ვიცე–პრემიერად დანიშნეს

  17:34:57     24-05-2012

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ვიცე–პრემიერად“ ყოფილი ოპოზიციონერი ალა ჯიოევა დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას, გუშინ საღამოს, კრემლის სიმპათიებით განსმჭვალულმა პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა, მოაწერა ხელი. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, ჯიოევა სოციალურ სფეროს გააკონტროლებს.

თავად „ვიცე–პრემიერის“ განცხადებით, მისი მთავარი მიზანია რუსეთისა და მსოფლიოს თვალში „რესპუბლიკის“ რეაბილიტაცია.

„პირველ რიგში, პატიმრების საკითხი უნდა მოგვარდეს. ასევე ვეცდები გადავარჩინო ისინი, ვინც ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის გამო აღმოჩნდნენ ციხეში“. – განაცხადა ჯიოევამ და დაამატა, რომ ვლადიკავკაზისა და ცხინვალის ციხეებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

ჯიოევამ საკუთარ თავს „სისტემის კაცი“ უწოდა და პირობა დადო, რომ განსაკუთრებულ კონტროლს დააწესებს ყველა იმ სფეროზე, რომელიც მას დაექვემდებარება, კერძოდ კი განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებზე. სეპარატისტი „პოლიტიკოსი“, თავისი ქმედებებისათვის, კონკრეტულ სტრატეგიის განვითარებს გეგმავს.

შეგახსენებთ, 2011 წლის ნოემბერში ალა ჯიოევა ე.წ. საპრეზიდენტო კამპანიაში ოპოზიციონერი ლიდერის სახით იყო ჩართული და ხმების უმრავლესობა, 56% მოაგროვა, კრემლის ფავორიტმა თიბილოვმა კი 40%–ზე ნაკლები. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები, აღმოჩენილი დარღვევების გამო, გააუქმა.

ამის შემდეგ რეგიონში სიტუაცია გართულდა. ჯიოევა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა არჩევნების შედეგების გაუქმებას და საკუთარი ინაუგურაციის გამართვას აპირებდა, თუმცა, ვერ მოასწრო: მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდეს ბრალი და განმეორებით არჩევნებამდე არც კი მიუშვეს...