რუსი ისტორიკოსის თვალით დანახული „საქართველოს ტერიტორია“

  16:31:37     24-05-2012

ის თვლის, რომ „ყოფილი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე“ სრულიად თავისუფლად შეიძლება შეიქმნას „რიგი სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოები“ - მაგალითად, იმერეთის, ქართლის, კახეთის…

„თუკი მისი ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს ამას, რუსეთს შეუძლია მხარი დაუჭიროს მცირე ხალხების უფლებებს, რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობენ“ - წერს დიმიტრი ვოლოხოდინი, რუსი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და თავის „ისტორიულ წიაღსვლებს“ გვთავაზობს: მისი მეცნიერული დაკვირვებებით, ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რომ აღარაფერი ვთქვათ სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე, „დამოუკიდებელი ტერიტორიები“ ყოფილა:

„XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთის იმპერია შეივსო რამდენიმე მანამდე დამოუკიდებელი სახელმწიფოთი, რომელთა ტერიტორიებიც დღეს თბილისის ქვეშევრდომობაშია“ - წერს ის.

„1917 წლის შემდეგ ნაციონალისტების შეთქმულების შედეგად,  თბილისში 3 წლით დამყარდა უკანონო ხელისუფლება, მტრული, როგორც თეთრების, ისე წითლების მიმართ. ქართველი სეპარატისტები დამოუკიდებლობას 1921 წლამდე ინარჩუნებდნენ, შემდეგ კი რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ. თავიდან საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციაში იყო, შემდეგ კი მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი მიიღო - საქართველოს სსრ.“

„1991 წლის შემდეგ კი,  საქართველო დაკავებული იყო იმით, რომ საკუთარ ტერიტორიებს ქმნიდა და თვითგამორკვევის უფლებას ართმევდა აფხაზებს, ოსებს, აჭარლებს, მეგრელებსა და სვანებს; ცდილობდა ხელოვნურად შეეკავშირებინა სხვადასხვა ხალხები ერთ ქართულ ნაციაში.“

რუსი ისტორიკოსი თვლის, რომ ეს „სხვადახვა ხალხები“ სულაც არ თვლიან თავს ქართველებად და „დამოუკიდებელ ეთნოსად“ მიიჩნევიან, მაგალითიად იმიტომ, რომ სვანები და მეგრელები „სხვა ენაზე ლაპარაკობენ“.  და „სვანებისთვის, მეგრელებისთვის, აჭარლებისთვის თვითგამორკვევის უფლების ხელოვნურად ჩამორთმევა, შესაძლოა, მალე სერიოზული უკმაყოფილების აფეთქებას გამოიწვევს. შეიძლება მოველოდეთ აქტიურ ნაციონალურ-გამათავისუფლებელ მოძრაობებს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორიაზე“ - იმედი აქვს ვოლოხოდინს.

„თანამედროვე საქართველო ხომ მხოლოდ საქართველოს სსრ-ის მემკვიდრეა. და მასში მიწის ყოველი ნაკვეთის ჩართვის კანონიერება ჯერ კიდევ დასამტკიცებელი და დასაცავი პოზიციაა. ეს სახელმწიფო, სახელმწიფო ტერიტორიების ფორმირების პროცესშია და აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი მოთხოვნილებები მცირე ხალხებისა, რომლებიც თბილისის ხუნტის დიქტატის ქვეშ არიან“ - მიაჩნია რუს ისტორიკოსს.

ვოლოხოდინი თვლის, რომ რუსეთი სამართლიანი გარანტის როლშია, როცა „საქართველოს ხალხები“ თავისი „პოლიტიკური მისწრაფებების რეალიზებას“ მოისურვებენ და ამდენად, მათ უნდა ჰკითხონ, აქვთ თუ არა სურვილი, „საქართველოზე იყვნენ მიერთებულები.“

ვოლოხოდინის მთავარი იმედი კი იმას უკავშირდება, რომ თუ „ეს ხალხები“ საქართველოში ყოფნაზე უარს იტყვიან, მაშინ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა აღარ იქნება დროებითი მდგომარეობა“ და „ეს, შეიძლება იყოს სერიოზული პროცესის დასწყისი ყოფილი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნისა“, რაშიც, ვოლოხოდინის თქმით, რუსეთს სრული უფლება აქვს თავისი სიტყვა თქვას და მხარი დაუჭიროს „მცირე ხალხების უფლებებს, თუკი მისი საკუთარი ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს ამას.“