თამარ ლომიძის პოეზიის საღამო და ნახატების გამოფენა
12:33:24     23-05-2012
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
25 მაისს, პარასკევს,
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართება
კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი
შეხვედრა
პოეტ და მხატვარ თამარ ლომიძესთან
საღამოზე მოხდება პოეტის ახალი წიგნის „ზღვარი“ წარდგინება, მოეწყობა მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა
დასაწყისი: 18 საათი და 00 წუთი
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს. მეტი სიზუსტისთვის: ლინკი ბიბლიოთეკის განლაგების გენგეგმით - http://www.sciencelib.ge/node/64)
დასწრება თავისუფალია
გთხოვთ მობრძანდეთ
თამარ ლომიძეს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. დაიბადა 1969 წლის 27 ივნისს. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა.
1988-1990 და 1990-1993 წლებში სწავლობდა თსუ საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე, ფერწერისა და ხელოვნებათმცოდნეობის განხრით, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა.
თამარ ლომიძის პირველი პერსონალური გამოფენა და პოეზიის საღამო მოეწყო 1993 წელს უნივერსიტეტში. იმავე წლიდან არის პოეტური ორდენის "მარადახალი ქნარის" წევრი.
თამარის პირველი კრებული "მოვედი... ერთი სიტყვა რომ მეთქვა" გამოიცა 1995 წელს.
1995 წლიდან თარგმნის ნორვეგიული ენიდან და ეწევა ნორვეგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას. არის ხელოვნებათმცოდნეებს შორის საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული.
1999-2003 წლებში მუშაობდა სენტ-ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართულ კოლეჯში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2003 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა და ლექსების კრებულის ,,ჟამი კვირტობის” პრეზენტაცია თბილისში, გალერეაში ,,ჰობი”.
2007 წელს ნორვეგიაში მოეწყო თამარ ლომიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
2009 წელს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა მისი პოეზიის საღამო და მისი ნამუშევრების გამოფენა.
2010 წელს თარგმნა თურბიორნ ეგნერის საბავშვო წიგნი ,,კარიუსი და ბაქტუსი”.
2010 და 2011 წლებში გაიმარჯვა მესხეთში სახალხო დღესასწაულ ,,შოთაობასთან” დაკავშირებით გამართულ ლიტერატურულ კონკურსში.
მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ ენაზე.
ხელოვნების მოყვარულებს საინტერესო საღამო ელით. ახლა კი გავიხსენოთ თამარ ლომიძის ორი ლექსი.
* * *
აწმყო ვერ მავსებს ყალბი ღიმილით,
სულამოცლილი თვალების ფსკერით,
ევას ნაკრძალის ტკბილი ხილივით
სასწაულებით შემოსილს გელი.
ახლაც მასხია ნატვრის კვირტები...
და უსხეულოდ ვდგავარ მიწაზე...
ახლაც სივრცეში სრიალით ვთვრები
და დროს ვაბრალებ, შენ რომ გიწამე.
გზა ხომ ჩემს მერე მაინც გრძელდება,
ყოფა ხომ არის ერთიც და სამიც,
რომ ტკივილებიც დაცხრება წლებად-
მკვდარში ცოცხალი, ცოცხალში-მკვდარი.
თაფლის და ღვინის თევზი ვარ, მაგრამ
მაინც აღმართით ვაფასებ დაღმართს...
მშვიდი ფრთებივით იმედი მაკრავს,
ტოტიას ძვალს რომ ტოტია გახრავს!..
ვერ შემაშინებს ბედი ჩაძირვით,
ძველი ზღაპარი გარდასულია...
მე ვარ მიწის და ცეცხლის ნაწილი,
ჰაერი, წყალი... ჩემი სულია.
* * *
ბუდეში დუმილს ვერ ვეგუებით...
სულ ასე ხდება,
დაუსაბამოდ...
გულს ისე წამლავს დღეს ლუციფერი,
ხმას ვეღარ გაწვდენთ, ვერა,
უ ფ ა ლ ო !..
ნაცადი ცოდვით ვამძიმებთ მიწას,
ჩვენივე ჩრდილი გვღალატობს Yყველგან....
არ ამომშრალა კრწანისზე სევდა,
- კრწანისზე ცრემლი
არასდროს ლღვება....
ნაპატიები ძვალით და ხორცით
გავყიდეთ სული,
მამული,
დარდი...
დიდგორის მერე გამოვლილ გზაზე
რა უსაშველოდ
დავპატარავდით!!!