
ბიძინას შეეშინდა...
09:43:50     23-05-2012
კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია: „თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე: ა. არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში; ბ. გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ სივრცეში; გ. ყველა კონსტიტუციურ გზას გამოვიყენებ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის და საბოლოოდ მაინც შევასრულებ ქართველი ხალხისათვის მიცემულ ყველა დანაპირებს“.
ივანიშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან იძაბება ჟურნალისტებთან საუბრისას და ეშინია არაფერი შეეშალოს, მისთვის ასე უცხო და მიუწვდომელ სფეროში, პოლიტიკაში ჩაბმაზე უარისთვის მორიგი მიზეზი მოიფიქრა. როგორც ჩანს, ოლიგარქი ჯერ კიდევ ცდილობს ხაფანგისაგან თავის დახსნას და იმ სიტუაციიდან „გამოძრომას“, რომელიც მისთვის ასე უცხო და უინტერესოა და სადაც დიდი შემთხვევითობისა და სხვათა სურვილის გამო მოხვდა.
ცოტა უცნაურია, რომ ადამიანი, რომელმაც უკანონობის ქვეყანაში, რუსეთში, ყველაზე დიდი უკანონობის ეპოქაში მილიარდები იშოვა, ახლა „კანონის ფეხქვეშ გათელვის“ მოტივით, უცებ და მოულოდნელად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ აღშფოთდა და სწორედ დღეს მოაგონდა, რომ თურმე კონსტიტუციას „ერთი კაცისთვის ცვლიან“.
უცნაური ოლიგარქი, რომელიც დღეს გუშინ აცხადებს და დღეს რადიკალურად განსხვავებულ ნაბიჯებს დგამს, თავის მცირერიცხოვან მხარდამჭერებსაც აოცებს. როგორც ინტერნეტში გამოხმაურებიდან ჩანს, მათი უმრავლესობა ივანიშვილის განცხადების გამო, მეტად იმედგაცრუებულია.
მიუხედვად იმისა, რომ თავად მილიარდერის „ინტერნეტ-პიარშჩიკები“ ამ „სვლის“ გენიალურ ნაბიჯად წარმოჩენას ცდილობენ, საზოგადოებამ ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება უკანდახევად აღიქვა.
ნაწილი მიიჩნევს, რომ ოლიგარქის დეპრესია და არჩევნებში დამარცხების პერსპექტივის ნათლად განჭვრეტა, საქართველოს გუშინდელმა წარმატებამაც განაპირობა - ჩიკაგოს სამიტზე.
არსებობს სხვა ვერსიაც: ოლიგარქმა წინასწარ შეიტყო, რომ თავისუფლების მოედანზე დაანონსებულ მიტინგზე მომსვლელთა რიცხვი, არც ისე სოლიდური იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ მომიტინგეთა რაოდენობის შეკრება ფულითაც ვერ შეძლო.