
ტკაჩოვი ანტიტერორისტულ სხდომებს ატარებს
09:20:37     23-05-2012
კრასნოდარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა, რომელიც ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის ე.წ. სპეცწარმომადგენელია ოკუპირებულ აფხაზეთში, ნოვოროსიისკში გასვლითი რეგიონალური უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატარა, რომელიც ტერორიზმსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვას შეეხებოდა.
ასეთი სხდომის ჩატარების მიზეზი, ცოტა ხნის წინ, რუსეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპარაცია გახდა, რომლის შედეგადაც, გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მათ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს, ამოიღეს დიდძალი იარაღი და დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის „კავკასიის იმარატის“ ქვედანაყოფის „აფხაზური ჯამაათის“ წევრები.
მართალია, იმ დღის შემდეგ, როცა რუსეთმა თითი საქართველოსკენ გამოიშვირა და განაცხადა, რომ ტერორისტებს ბომბებისთვის დეტონატორებს საქართველოდან აწვდიან და რომ ქართული სპეცსამსახურები დოკუ უმაროვთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან, აღარაფერი თქმულა, მაგრამ როგორც ჩანს, სოჭის ოლიმპიადაზე დაგეგმილი ტერაქტებისა და ტერორისტების „მოკავშირეების“ თემას, რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში გაააქტიურებს ხოლმე. სწორედ ამიტომაც, ტკაჩოვიც შიგადაშიგ ჩაატარებს სხდომებს და რუსეთის სამხრეთის საზღვრებიდან მოსალოდნელ საფრთხეზე ილაპარაკებს. მართალია, კრასნოდარის გუბერნატორსა და ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ უსაყვარლეს ჩინოვნიკს დღეს საქართველო არ უხსენებია, მაგრამ სწორედ მას გულისხმობდა, როცა სამხრეთის საზღვრების დაცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა.
„ერთის მხრივ, ბრწყინვალე ოპერაცია სპეცსამსახურებისა - ეს დემონსტრირებაა ძალოვნების საბრძოლო მზადყოფნისა, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს მეტყველებს ტერორისტების სერიოზულ სამზადისზე“ - განაცხადა ტკაჩოვმა და აღნიშნა, რომ ამიტომაც, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვა ახლა უმთავრესი პრიორიტეტია და ეს საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოსა და ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომებზე მუდმივად განიხილება.
„ჩვენი საზღვარი არა მარტო ჩაკეტილი უნდა იყოს, საჭიროა მისი აქტიური დაცვაც, პრევენციული რეაგირება საფრთხეებზე. ამ სფეროში ყველა უწყებას თავისი ვალდებულებები აქვს და მე სრულიად საფუძვლიანად ვთვლი, როცა მაკოორდინირებელის როლი ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „ფსბ“-ს აკისრია“ - განაცხადა მან.
სოჭის მთიანი მასივებისა და საზღვაო აკვატორიის კონტროლს კი მესაზღვრეები განახორციელებენ. მათ წინაშე ურთულესი ამოცანაა დასახული - დაბლოკონ ექსტრემისტების ყუბანში შესვლის მცდელობა და იარაღისა და სხვა საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალის საიდუმლოდ შეტანა.
რუსეთი თითქმის დარწმუნებულია, რომ ოლიმპიადის პერიოდში სოჭი ტერორისტების სამიზნედ იქცევა.