ფრიდონ სულაბერიძე - მოცეკვავე, ქორეოგრაფი
09:07:26     23-05-2012
შემოქმედება
ფრიდონ სულაბერიძე წარსულში "ქართული ნაციონალური ბალეტის" წამყვანი მოცეკვავე-სოლისტი იყო. მან საუკეთესო წრთობა მიიღო ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. იგი დღემდე ითვლება საქართველოში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ. დაუვიწყარია მის მიერ ვირტუოზულად შესრულებული ცეკვა "ქართული" , (დუეტი იამზე დოლაბერიძესთან (საქ. სახალხო არტ.) განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, არტისტიზმითა და პლასტიციზმით. ასევე, აღსანისნავია "ფრიდონისეული კინტაური", გასაოცარი კოლორიტულობითა და შესრულების გამორჩეული მანერით.
ამჟამად ფრიდონ სულაბერიძე "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფია და ამ დარგშიც უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. აქვს საკუთარი ხელწერა, განსხვავებული საცეკვაო მანერა, მდიდარი ფანტაზია, იშვიათი გემოვნება. მისი დადგმული ცეკვები გამოირჩევა კომპოზიციის ორიგინალური გადაწყვეტითა და შესრულების მაღალი კულტურით. ფრიდონ სულაბერიძე იბრძვის ქართული ხალხური ცეკვის უძველესი ელემენტების აღდგენისა და კუთხური კოლორიტის შენარჩუნებისათვის. იგი ბევრს მუშაობს საშემსრულებლო სტილის სრულყოფისა და მოცეკვავეთა პროფესიული დონის ამაღლებისათვის. მისი ხელმძღვანელობით მოცეკვავეები ეუფლებიან ხალხური ცეკვის კუთხურ თავისებურებას.
ფრიდონ სულაბერიძის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, "რუსთავი" საფუძვლიანად დაეუფლა საქართველოს ცალკეული კუთხეების საცეკვაო ფოლკლორის მდიდარ მემკვიდრეობას, მის ჟანრულ ნაირსახეობას და იგი შესრულების უმაღლეს დონეზე აიყვანა, ამასთანავე შეიძინა აკადემიური ანსამბლის საუკეთესო თვისებები.
ფრიდონ სულაბერიძის დადგმული ცეკვები თავისივე კუთხის სიმღერებითა და ხალხური ინსტრუმენტების თანხლებით სრულდება. იგი ოსტატურად ახერხებს ცეკვების, სიმღერებისა და ხალხური საკრავების შერწყმას, რაც უფრო მეტად აძლიერებს ამ ცეკვის კუთხურ კოლორიტს, სწორედ ეს თვისება განასხვავებს "რუსთავს" სხვა ანსამბლებისგან.
tbilisi.gov.ge