მმართველი გუნდი ივანიშვილის ულტიმატუმების დაკმაყოფილებას არ აპირებს

  08:41:43     23-05-2012

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს უცხადებს, რომლის მიხედვით, ოლიგარქს 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების საშუალება ექნება. ივანიშვილის გადაწყვეტილების არსი მმართველ გუნდს არ ესმის და ოლიგარქს პოლიტიკური ასპარეზიდან სამარცხვინოდ წასვლას უწინასწარმეტყველებს, ხოლო საპარლამენტო ოპოზიცია მილიარდერის პოზიციას 27 მაისის აქციას უკავშირებს.

როგორც პრესა.ჯი-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ივანიშვილს სრულფასოვანი უფლება ეძლევა, რომ საარჩევნო პროცესში ჩაერთოს, თუმცა, მან ულტიმატუმებისა და ახალი მიზეზების მოძებნის ენა აირჩია.

მისი თქმით, ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასერიოზული ნაბიჯია და მას შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებები თამაში ჰგონია, მაგრამ საქართველო არ არის სახელმწიფო, რომელთანაც  ულტიმატუმის ენით საუბარი შეიძლება.

„შესაძლოა, ივანიშვილს მოახლოებული პოლიტიკური ფიასკო აიძულებს, რომ ახალი მიზეზები  იმისთვის მოძებნოს, რომ საარჩევნო ბრძოლას თავი აარიდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო ვერდიქტს ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოიტანს. ცნობილია, თუ როგორ სამარცხვინოდ ტოვებენ ხოლმე გარადიკალებული პოლიტიკოსები პოლიტიკურ ასპარეზს. ივანიშვილიც ამ გზას დაადგა“, - აცხადებს წიკლაური.

ოპონენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ივანიშვილს „ხიდების ნგრევის გარდა“ რა უნდა, მას არ ესმის.

დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ივანიშვილს, რომელსაც აქამდე პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის ამბიცია ჰქონდა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამ უფლების მინიჭების დროს, თამაშიდან გასვლის სურვილს გამოთქვამს.

„ივანიშვილის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მას თავიდანვე არ სურდა არჩევნებში ჩართულიყო და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწლეობა მიეღო.
როგორც ჩანს, მას წარმატების იმედი თავიდანვე არ ჰქონდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მას მხოლოდ მსხვერპლად წარმოჩენის სურვილი ჰქონდა, რეალურად კი, როდესაც ხელისუფლებამ მას მოქალაქეობასთან დაკავშირებით სწორი გზა შესთავაზა, ამაზეც უარი განაცხადა და ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგით სარგებლობაზე უარს ამბობს. ამ ადამიანს,  ხიდების ნგრევის გარდა რა უნდა, გაუგებარია“, - აცხადებს  კანონმდებელი.

საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორი გიორგი თარგამაძე კი, ივანიშვილის გადაწყვეტილებას 27 მაისის ქუჩის აქციას უკავშირებს. როგორც პრესა.ჯი-ს თარგამაძემ განუცხადა, ცვლილებებით, პოლიტიკური გამოსავალი იქნა ნაპოვნი, კერძოდ, ძირითად მოთამაშეებს არჩევნებში ჩართვის უფლება და მაღალი თანამდებობების დაკავების საშუალება ექნებათ.

„ამ ცვლილებებს, ვინ როგორ მიიღებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ივანიშვილის განცხადება ეფექტის მატარებელი არ არის. ივანიშვილის გუნდი ფიქრობს, რომ ამ ცვლილებებით, ხელისუფლებამ უკან დაიხია და ილუზია აქვთ, რომ მმართველ გუნდს კიდევ უკან დაახევინებენ. თუმცა, ხელისუფლება მეტს არაფერს დათმობს. თუ მათ განსხვავებული ილუზიები აქვთ, ჰა ბურთი და ჰა მოედანი და საკუთარი გეგმების განხორციელება შეუძლიათ. როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა სურს და ეს პოლიტიკურად გასაგებია, მაგრამ გრძელვადიანი პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის“, - განაცხადა დეპუტატმა.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე ექნებათ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ახალი რეგულაციით, აღნიშნულ პირებზე კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1 პრიმა მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდება, რომლის მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არ შეუძლია გახდეს - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, მან,  საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხევაში, ის მზად არის  არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.