ქათამი ნივრითა და აჯიკით

  08:32:04     23-05-2012

ქათამი დავჭრათ პატარა ნაჭრებად (უკეთესია, კანს თუ მოაცლით), დავამარილოთ და ცხელ ტაფაზე დავალაგოთ, მოვასხათ 1/4 ჭიქა თეთრი ღვინო და შევბრაწოთ.

 

სოუსს შემდეგნაირად ვამზადებთ: ტომატ–პასტას შევურიოთ აჯიკა, სუნელები, ცოტა წითელი წიწაკა, შაქარი და შევათხელოთ ადუღებულ-გაციეული წყლით.

 

ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძლად და მაღალ ცეცხლზე ზეთში მოვთუშოთ. რომ შეიბრაწება ამოვიღოთ და იმავე ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშოთ, როცა შეყვითლდება, დავამატოთ ნიორი, მოთუშული ბულგარული წიწაკა და წინასწარ გამზადებული ტომატ-პასტა.

 

კარგად რომ წამოდუღდება, დავამატოთ მარილი და ძმარი, ერთხელ წამოვადუღოთ. ჩავალაგოთ შემწვარი ქათამი, კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და მზადაა.

 

ინგრედიენტები:

 

500 გრამი ქათმის ფილე ან ბარკლები,

2-3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა,

1 ცალი საშუალო ზომის ხახვი,

1 მოზრდილი კბილი ნიორი,

3-4 ს/კ ტომატ–პასტა,

2-3 ჩ/კ აჯიკა,

ხმელი ქინძი სუნელი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა,

1 ჩ/კ შაქარი,

1 ს/კ ძმარი,

მარილი გემოვნებით.