
ნატოს მოწოდება რუსეთისთვის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით
10:36:04     22-05-2012
ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იყო საუბარი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ საკითხის მიჩუმათებას არ აპირებს და იგი მასზე რუსეთთან მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს, რათა მოსკოვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ათქმევინოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დააჭერინოს მხარი.
„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას უარი თქვას „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებაზე“, – ნათქვამია, ჩიკაგოს სამიტის მიერ 21 მაისს გავრცელებულ საბოლოო დეკლარაციაში.
„ჩვენ ვიწონებთ საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა და რუსეთსაც მოვუწოდებთ ანალოგიურად უპასუხოს მას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
ნატოს ქვეყნები, როგორც დეკლარაციაში მითითებულია, მოუწოდებენ 2008 წლის ოქტომბრიდან ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დისკუსიის მონაწილეთ, „ითამაშონ კონსტრუქციული როლი“ და გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან „საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის“.