იანუკოვიჩი ობამაზე მეტ ხელფასს იღებს

  10:29:37     22-05-2012

არსებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ბარაკ ობამას ფინანსურმა მდგომარეობამ, თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებული დეკლარაციით, მთლიანობაში 2,6 –დან 8,2 –მდე მილიონი დოლარი შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით, 2011 წელს ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ, მიშელმა 789,674 ათასი დოლარი გამოიმუშავეს. ამ თანხის უდიდეს ნაწილს – 400 ათას დოლარს პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს.

სახელმწიფო ობლიგაციების სახით თავის დანაზოგს, 1,6 მილიონ დოლარს ობამა აშშ–ის ფინანსთა სამინისტროში ინახავს. ასევე  JPMorgan ბანკის მის ანგარიშზე 1 მილიონი დოლარი ირიცხება. ობამას ოჯახი ჩიკაგოს სახლზე, რომლის ღირებულება 500 ათასიდან 1 მილიონ დოლარადაა შეფასებული, იპოთეკურ კრედიტს იხდის.

ობამას მიერ დეკლარირებული 2011 წლის შემოსავალი  პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგი ქვეყნის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკების წლიურ შემოსავალს საგრძნობლად ჩამორჩება. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩის შემოსავალზე რამდენჯერმე ნაკლები აღმოჩნდა. გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტმა 17 მილიონ გრივნაზე (2,1 მილიონი დოლარი) მეტი მიიღო. აქედან, 16 მილიონი გრივნა ლიტერატურული საქმიანობისათვის ჰონორარის სახით გამოიმუშავა. რამდენად აღემატება იანუკოვიჩის ოჯახის კაპიტალი ობამას ოჯახის კაპიტალს, ძნელი სათქმელია, რადგანაც ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, უცნობია.

იმავე უკრაინის უმაღლესი სახელმწიფო ჩინოვნიკები, წესისამებრ, თავის ამერიკელ და ევროპელ კოლეგებზე უფრო მდიდრები არიან. მაგალითად, აშშ–ის ფედერალური სარეზერვო ფონდის თავკაცის, ბენ ბერნანკეს წლიური გამსამრჯელო, დაახლოებით, 200 ათას დოლარს შეადგენს. ეს თანხა მას ძლივს ყოფნის იპოთეკური დავალიანების დასაფარავად, რომელიც მთლიანობაში 700 ათას დოლარს შეადგენს. The Wall Street Journal–ის მონაცემებით, ფედერალური სარეზერვო ფონდის თავკაცი კაპიტოლიუმის მახლობლად 200 კვადრატული მეტრის საერთო ფართის თაუნჰაუსში ცხოვრობს. საცხოვრებლის ღირებულება 850 ათას დოლარს შეადგენს. მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე გავლენიანი ადამიანი სამსახურში 30 ათასი დოლარის ღირებულების Chrysler Sebring–ის მარკის ავტომობილით (ავტომობილი ბერნაკემ ვაშინგტონში ამ პოსტზე დანიშვნამე კარგა ხნით ადრე შეიძინა) დადის.

შედარებისათის: ოფიციალური დელარაციის მიხედვით, უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის, სერგეი არბუზოვის წლიურმა შემოსავალმა 2,46 მილიონი გრივნა (308 ათასი დოლარი) შეადგინა, ხოლო ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში კი მისმა სახსრებმა  – 2,3 მილიონი გრივნა (288 ათასი დოლარი). მის აგარიშზეა ასევე 4,1 მილიონი გრივნის (0,5 მილიონი დოლარი) ფასიანი ქაღალდების ნომინალი.

არბუზოვის განკარგულებაშია ასევე 619 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და 179,7 კვადრატული მეტრის ფართის საცხოვრებელი სახლი და BMW Z8 მარკისა (2003 წლის გამოშვება) და Mersedes-benz S600 მარკის (2003 წლის გამოშვება) ავტომობილები.

ამას გარდა, ცოლ–ქმარი არბუზოვები ფლობენ 2,7 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. არბუზოვების ოჯახის წევრთა განკარგულებაშია Infiniti EX 35 მარკისა (2008 გამოშვება) და Land Rover მარკის (2011 წლის გამოშვება) ავტომობილები. ბანკებსა და სხვა ფინანსურ უწყებებში ოჯახის წევრებზე ირიცხება 111,8 მილიონ გრივნაზე (დაახლოებით, 14 მილიონი დოლარი) მეტი თანხა.