მოქვის სახარება (დიაგნოსტიკის შედეგებისა და ალბომის პრეზენტაცია)

  08:49:01     22-05-2012

22 მაისს, სამშაბათს, 18:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ პროექტის პრეზენტაციაზე ,,მოქვის სახარება'.

 მოქვის სახარება აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მდებარე მოქვის მონასტერში გადაიწერა. სახარების გადაწერა წმინდანი მეფის-დემეტრე II - ის დროს უნდა დაწყებულიყო. ხელნაწერის შექმნის ხანგრძლივი პროცესი 1300 წელს დასრულდა. სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოხვდა პარიზიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძურის კოლექციიდან.

 მოქვის სახარება დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანდა. სახარების გადასარჩენად ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აქტიური საქველმოქმედო კამპანიის წარმოება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება. მოწვეულნი იყვნენ უცხოელი რესტავრატორები რომელთა დახმარებით მოხდა ხელნაწერის დიაგნოსტიკა. აგრეთვე გამოიცა მოქვის სახარების ალბომი.

 ღონისძიებაზე შედგება მოქვის ალბომის, დოკუმენტური ფილმისა და უცხოელ რესტავრატორთა დასკვნის პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას ცენტრის ადმინისტრაცია წარუდგენს საქველმოქმედო კამპანიის ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს.

 პროექტი განხორციელდა UNESCO-ს ფინანსური მხარდაჭერით.
 
დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

მისამართი: მ.ალექსიძის 1/3