სამხრეთ კავკასია ნატოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია

  08:48:10     22-05-2012

ნატომ ჩიკაგოს სამიტის შედეგებთან დაკავშირებულ დეკლარაციაში ხაზი გასვა, რომ საქართველო და ზოგადად, კავკასია მისი განსაკუთრებული ყურადღების არეალში რჩება.

ალიანსმა გააკეთა განაცხადი იმის შესახებ, რომ ის პატივს სცემს და მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და სამხრეთ კავკასიაში, ასევე მოლოდოვაში გაჭიანურებული კონფლიქტების მონაწილე მხარეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ნაბიჯებს, რომლებსაც ამ რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ზიანის მოტანა შეუძლიათ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოავლინონ პოლიტიკური ნება კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად, ასევე პატივი სცენ არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატებს“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება, რამდენადაც მან მიაღწია პროგრესს იმ პირობების შესრულებაში, რომლებიც ნატოში შესასვლელად აუცილებელია.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია. ის პასუხობს ალიანსის მოლოდინებს“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავაც აპირებს გააგრძელოს საქართველოში იმ რეფორმების მხარდაჭერა, რომლებიც ალიანსში შესვლისთვისაა აუცილებელი, მათ შორის, არჩევნების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

დოკუმენტში საუბარია 2012 და 2013 წლებში საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზეც და რა თქმა უნდა, მითითებულია იმ როლის შესახებაც, რომელსაც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ასრულებს.

რაც შეეხება კონფლიქტებს საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთის როლს ამ კონფლიქტებში, ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ხოლო რუსეთს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ასევე მოითხოვს მოსკოვისგან,
გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება.

„ჩვენ ვადასტურებთ უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთსაც, იგივე გააკეთოს“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში, ასევე შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე და კვლავ არ აძლევს მუშაობის საშუალებას საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ჰუმანიტარულ მისიებს.