მსოფლიოში მიმოფანტულმა ჩერქეზებმა, პუტინის ოლიმპიადა მიზანში ამოიღეს

  07:46:31     22-05-2012

ჩერქეზთა შთამომავლებს, რომლებიც რუსეთის იმპერიამ თავისი მშობლიური მიწიდან რუსეთ-კავკასიის ომის შემდეგ გააძევა, ვლადიმერ პუტინის ოლიმპიური პროექტის ჩაშლისა და მისთვის ზეიმის გაფუჭების გადაწყვეტილება მტკიცედ აქვთ მიღებული - წერს აშშ-ში გამომავალი გაზეთი The Daily Beast.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შესაძლოა, პუტინი თვლის, რომ მას ქვეყნის შიგნით შექმნილი პრობლემებიც ჰყოფნის და ქვეყნის გარეთ მიმდინარე დემონსტრაციებს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ის კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, რადგან სტამბულში, ნიუ-იორკში, ბრიუსელში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში გუშინ ჩატარებული აქციების მონაწილე ჩერქეზებმა, მისი ზამთრის ოლიმპიადა მიზანში ამოიღეს. The Daily Beast -მა სწორედ თურქეთში გამართული ასეთი აქციის მონაწილეებთან ჩაწერა ინტერვიუები.

„რა განცდა ექნებათ რუსებს, მთელი მსოფლიოს ათლეტებმა თხილამურებზე სრიალი მათი წინაპრების საფლავებზე რომ დაიწყონ?“ - კითხულობს დანიალ მერზა, რომელმაც მერე მეგაფონი მოიმარჯვა და განაცხადა:

„არანაირი ოლიმპიადა სოჭში! ჩერქეზთა გენოციდის აღიარება! სამშობლოში დაბრუნების უფლება, რომელიც რუსებმა წაგვართვეს!“

აქციის მონაწილეებიც დაეთანხმნენ:

„ჩვენ არ გვსურს ოლიმპიადა სოჭში!“

სოჭის ოლიმპიურმა თამაშებმა ჩერქეზებს, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან გაფანტულები, მობილიზების უნიკალური შანსი მისცა - წერს გაზეთი. „ჩვენ, ვისი მამებიც გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ვკიცხავთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას“ - ნათქვამია ჩერქზელი ორგანიზაცია „არა სოჭი 2014-ს“ განცხადებაში. ამ ორგანიზაციაში შედიან აქტივისტები ისრაელიდან, თურქეთიდან, იორდანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და შეერთებული შტატებიდან და მათი პროტესტი ძლიერდება. „ბევრი ჩვენი მეგობარი ამბობს, რომ უკვე 150 წელი გავიდა და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ მათ არ ესმით. ჩვენთვის, ეს, თითქოს, გუშინ მოხდა“ - ამბობს აქციის მონაწილე ალანი.

საგულისხმოა, რომ გუშინდელი დღე - რუსეთის იმპერიის მსხვერპლთა დღე, თვით აფხაზეთშიც კი აღნიშნეს და ჩერქეზთა გენოციდის ტრაგედია გაიხსენეს. ამ დღეს აფხაზები ასე თამამად ადრე ვერ აღნიშნავდნენ, რადგან ჩერქეზთა გენოციდი ის თემაა, რომლის გამოც მოსკოვი ცუდ გუნებაზე დგება. სოხუმში გამართულ ღონისძიებაში კი გუშინ მონაწილეობა ალექსანდრე ანქვაბმაც მიიღო და რუსეთის იმპერიის მსხვერპლთა მემორიალთან ყვავილებიც მიიტანა.