მოსკოვმა აფხაზეთს ტერორიზმისა და ისლამური რადიკალიზმის იარლიყი მიაკერა

  21:28:57     21-05-2012

მოსკოვის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტების მზადების, „აფხაზური ჯამაათისა“ და ტერორისტებთან ქართული სპეცსამსახურების კავშირის შესახებ, თავად სოხუმში, მიაჩნიათ, რომ დამღუპველი მხოლოდ აფხაზეთისთვის არის.

ამ თემაზე სტატიას სოხუმში გამომავალი გაზეთი „ნუჟნაია“ აქვეყნებს და ასკვნის, რომ რუსეთიდან წამოსულმა კამპანიამ, რომელსაც მერე სოხუმიც აჰყვა, მხოლოდ ერთადერთი შედეგი გამოიღო - მსოფლიოს თვალში აფხაზეთი ტერორიზმთან იქნება გაიგივებული.

აფხაზი ავტორი იზიდა ჭანია წერს, რომ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის საქმეზე, ძმები ჭითანავების და რუსტან გიცბას დაკავების შემდეგ, აფაზებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არა დიდი რაოდენობით იარაღის აღმოჩენის ცნობა, არამედ, ამის იდეოლოგიური გაფორმება, რომლის ავტორიც რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი იყო. კერძოდ, ცნობამ იმის შესახებ, რომ აფხაზების ნახევარი ვაჰაბიზმის მხარდამჭერები არიან.

„აბა სხვანაირად როგორ, თუკი კომიტეტი ამტკიცებს, რომ იარაღი შეტანილია აფხაზეთში საქართველოდან და თანაც თურქეთის გავლით. ამის შემდეგ კი ის ოლიმპიადაზე მოსაწყობი ტერაქტებისთვის სოჭში გადაიტანეს; რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფება „აფხაზური ჯამაათი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ განცხადება სახელმწიფო მედიით გავრცელდა, კომენტარების გარეშე. მაშასადამე, ეს არის კიდეც ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია“ - წერს იზიდა ჭანია.

რა თქმა უნდა, საუბარია, რუსეთის პოზიციაზე.

აფხაზი ავტორი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მხრიდან ადგილი აქვს ძალზედ საშიში იდეების პროპაგანდას, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ამ ისტორიის რკვევით არ დაინტერესდება, მაგრამ სამაგიეროდ, მსოფლიო საზოგადოებაში დიდი ხნით გამყარდება ანალოგიები - „აფხაზეთი, ტერორიზმი და მუსულმანური რადიკალიზმი“.