
ივანიშვილმა ნაცვლიშვილისა და კალაძეების დახმარებით მილიონ 700 ათასი გაათეთრა
19:06:59     21-05-2012
ოლიგარქმა აღარ იცის როგორ მოისყიდოს ადამიანები. ფული აქვს, მოსასყიდ ხალხს რა გამოლევს, მაგრამ კანონია დაუნდობელი. ამიტომ, ივანიშვილმა თაღლითობის მეტად საინტერესო ვარიანტს მიმართა.
„პრესა.ჯი“ აგიღწერთ ივანიშვილის ბოლო მაქინაციას, რომლის გმირთა სია იგივეა, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „ოცნების“ სხვა ვირ–ეშმაკობებში მონაწილეთა...
ლაშა ნაცვლიშვილს, ვერაზე ჰქონდა საცხოვრებელი სახლი. სახლი ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მეტად ძვირფასი, მაგრამ შევარდნაძის მთავრობის კორუმპირებული ჩინოვნიკის პირობაზე, მეტად ჩვეულებრივი.
„მეტად ჩვეულებრივი“ შეიძლება გადაჭარბებულად დაკნინებული შეფასებაა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ლაშა ნაცვლიშვილის სახლის საბაზრო ღირებულება 2 მილიონ 500 ათასი დოლარი ნამდვილად არ ყოფილა. რატომ ვახსენეთ ეს თანხა?
შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილე ნაცვლიშვილმა, რომელიც დღეს ბიძინას „მეზღაპრეა“, თავისი სახლი სწორედ ამ ფასად, საბაზრო ღირებულებაზე ძვირად მიჰყიდა კახი კალაძის მამას, კარლო კალაძეს.
მკითხველს გაუკვირდება, რატომ გაბრიყვდა კარლო კალაძე, რომელსაც კაკალს ვერ გააგდებინებ და რომელიც ზამთარში თოვლს არ გასესხებს? აქ არის, სწორედ, დამარხული ბიძინას „პინგვინის თავი“ (ვიცით, რომ „ძაღლის თავებს“ მარხავენ, მაგრამ ოლიგარქს პიმგვინი უფრო უყვარს).
ოლიგარქს ფული აქვს, მაგრამ ვერ ხარჯავს. კანონი უკრძალავს. არადა, „გრეჩიხები“ რომ ჰპირდებიან მიტინგებზე მხარდაჭერას, ფული ხომ უნდა გადაუხადოს. როგორ? ჰოდა მოიფიქრა ოლიგარქმა სქემა. 2 მილიონ 500 ათასი დოლარი გადაურიცხა კახი კალაძეს ოფშორულ ანგარიშზე.
კალაძემ, თავის მხრივ, ეს თანხა მამამისს, კარლოს გადაურიცხა პირად ანგარიშზე. კარლო ადგა და მიუცუნცულა ნაცვლიშვილს 2 მილიონ 500 ათასი დოლარი. ნაცვლიშვილმა ამ თანხიდან 800 ათასი დოლარი აიღო, დარჩენილი 1 მილიონ 700 ათასი კი დარჩა "სატრიალებლად" ბიძინას. ასე გაათეთრა ივანიშვილმა მათ შორის გრეჩიხების მოსასყიდი თანხაც.
სხვათაშორის ნაცვლიშვილის სახლის ყიდვის ფაქტი "პრესა.ჯი"-ს კარლო კალაძემაც ოფიციალურად დაუდასტურა, თუმცა, გაკვირვება ვერ დამალა იმის შესახებ "თუ როგორ სწრაფად ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია...". "რა ვიცი ბიძია მე, აგერ, დამავალა ჩემმა შვილმაა და ვიყიდე, მარა ბოლომდე ვერ მივიყვანე ჯერ ეს ამბავი", - უთხრა "პრესა.ჯი"-ს კარლო კალაძემ.
რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილს, იგი ჩვენმა კითხვამ, მისი სახლის გაყიდვის შესახებ იმდენად დააბნია, რომ კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო, მოგვიანებით კი აი, ეს ამოღერღა: "მე არა, ჩემმა სიმამრმა გაყიდა ის სახლი.
დიახ, ვადასტურებ, რომ გაყიდა 2 მილიონ 500 ათას დოლარად. თუმცა, სახლი 3 მილიონი ღირდა (ნაცვლიშვილისა და კარლო კალაძის ინტერვიუებს რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ)", - განუცხადა "პრესა.ჯი"-ს შევარდნაძის უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.
როგორც ჩანს, საწყალი კარლო კალაძე "დიდსულოვან" ნაცვლიშვილსა და მის სიმამრს იმდენად შეეცოდათ, რომ მთელი ნახევარი მილიონი დაუკლეს... თუმცა, შესაძლოა მათ სამართალდამცველებთან მაინც მოუწიოთ ახსნა-განმარტება!