
დავით ბაქრაძე: ჩიკაგოს სამიტი საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია...
17:32:33     21-05-2012
ჩიკაგოში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურებმა დეკლარაცია დაამტკიცეს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება. ამას გარდა, დეკლარაციაში იმ რეფორმებზე არის საუბარი, რომელიც ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე საქართველომ განახორციელა. ამასთან, დოკუმენტში შეფასებულია ის წვლილი, რომელიც ქვეყანას ISAF-ის ოპერაციაში შეაქვს. ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ დეკლარაციას შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.
სპიკერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროგრესის აღიარება, რომელიც ქვეყანამ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია.
„ნატოს მიერ, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები მოწონებულია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღებაზე, რუსეთის მიმართ მოწოდება არის გაკეთებული. დოკუმენტი ძალიან მკაფიოა და ის ქართული მხარისთვის აბსოლუტურად მისაღებია. ეს დეკლარაცია, პრაქტიკულად, მსოფლიოს თანამეგობრობის ყველაზე დემოკრატიული და განვითარებული ნაწილის პოზიციას გამოხატავს“, – აცხადებს ბაქრაძე.
ნატოს სამიტზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე აქცენტს პერსპექტივებზე აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოს ასპირანტ ქვეყნად მოხსენიება იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო, იმ ქვეყნების რიცხვში განხილება, რომლებიც პირველივე გაფართოების ტალღის დროს, ნატო-ს წევრები გახდებიან.
„ჩიკაგოს შეხვედრა არ არის გაფართოების სამიტი, თუმცა, რეალურად, საქართველო ნატოს ბევრად უფრო დაუახლოვდა. 2008 წელს, როდესაც ბუქარესტში, წევრობის დაპირება მივიღეთ, მას დროში გაწერილი მექანიზმი არ მოჰყოლია და საქართველო და უკრაინა პრაქტიკული მექანიზმებიდან გარკვეულწილად ამოვარდნილები იყვნენ, თუმცა, ის რაც დღეს, ჩიკაგოში ხდება ის არის, რომ საქართველო ამოვარდნილი კონტექსტიდან სრულიად კონკრეტულ გარემოში გადავიდა. დღეს, თუ რომელიმე ქვეყანას აქვს შანსი, რომ ნატო-ს წევრი პირველივე გაფართოების ტალღის დროს გახდეს, ეს არის დასავლეთ ბალკანეთის ის სამი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც დღეს დაჯგუფებულია საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა. ამიტომ, ის რაც ჩიკაგოში მოხდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავისი პოლიტიკური დატვირთვით და პოლიტიკური მნიშვნელობით, ვიდრე მხოლოდ ერთი დოკუმენტი და დეკლარაცია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და აუცილებლად შევძლებთ, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბაქრაძის მსგავსად, ჩიკაგოს სამიტზე დაფიქისრებულ პროგრესს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, ნიკოლოზ ლალიაშვილი დადებითად აფასებს, თუმცა, დეპუტატი ნატოს მიმართ, კიდევ უფრო მომთხოვნია.
როგორც პრესა.ჯი–ს ლალიაშვილმა განუცხადა, 2008 წლის ომმა დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნატოს გადაწყვეტილებები მკაფიო არ არის, ნატოსთან დაახლოების პარალელურად, საქართველოსთან მიმართებაში, რისკები იზრდება.
„ბუქარესტის სამიტზე, მკაფიო გადაწყვეტილებები მიღებული არ იყო და სამხედრო აგრესია მივიღეთ. დღესაც, საქართველოს მისამართით თითის გაშვერა არ წყდება, რაც შეიძლება მორიგი აგრესიის საფუძველი გახდეს. ამიტომ, ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამიტმა ის კონკრეტული მექანიზმები დააფიქსიროს, რითაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება და ასევე, კომუნიკეში დაფიქსირდეს, რომ უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სკეპტიკურად განწყობილი ევროპული ქვეყნები უნდა იქნენ დარწმუნებულნი, რომ ასეთი მექანიზმების გარეშე შეიძლება ქვეყანა ფართომასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლი გახდეს“, – აღნიშნავს კანონმდებელი.
უნდა ითქვას, რომ ზემოთ დასახელებული საკითხების გარდა, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას მიესალმება, ხოლო, რუსეთს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ, ასევე დე–ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდებს.