ცხინვალელო და მოსკოველო პიონერებო,  სწორდით! სმენა! ცხინვალელო და მოსკოველო პიონერებო, სწორდით! სმენა! />


  09:41:29     21-05-2012

ცხინვალელო და მოსკოველო პიონერებო, სწორდით! სმენა!

a18257.jpg

რუსმა კომუნისტებმა ზეიმი პიონერული ორგანიზაციის დაარსებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად წითელ მოედანზე ჩაატარეს.

როგორც კომუნისტური პარტია იუწყება, პიონერთა რიგები არა მხოლოდ მოსკოველმა ბავშვებმა შეავსეს და მთელი რუსეთის მასშტაბით პიონერიას 3000-მდე ბავშვი ეზიარა.

წითელ მოედანზე წითელი ყელსახვევები მოსწავლეებს თავად კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა გაუკეთა. პიონერული ფიცის დადების შემდეგ კი მოსწავლეები მავზოლეუმში წაიყვანეს და ლენინი ანახეს.

როგორც ირკვევა, პიონერთა რიგებში რუსმა კომუნისტებმა მხოლოდ ხუთოსანი ბავშვები მიიღეს, რომლებიც წარმატებულები არიან „პატრიოტულ მოღვაწეობაში“. ამაში გენადი ზიუგანოვი „გმირთა საფლავების მოვლას“, „მარადიულ ცეცხლთან საპატიო ყარაულში დგომას“ და „უმცროს მეგობრებთან მუშაობას“ გულისხმობს.

აღმოჩნდა, რომ წითელ მოედანზე ზიუგანოვის მიერ მოწყობილი დღესასწაული სულაც არ ყოფილა ეგზოტიკა და უბრალოდ, კომუნისტების წარსულში გასეირნება. რუსეთში პიონერები დღესაც არსებობენ და პიონერთა ორგანიზაციის დაარსებისა და სხვა თარიღებსაც ყოველწლიურად აღნიშნავენ. წელსაც, რუსეთის არაერთ რეგიონსა და არაერთ სკოლაში იზეიმეს 90 წლისთავი: ზუსტად ისე, როგორც ეს საბჭოურ სკოლებში იყო სავალდებულო. კომუნისტების ლიდერმა კი განაცხადა, რომ მის ქვეყანაში დღესდღეობით პიონერთა რიგებში 250 ათასი მოზარდი ირიცხება. საბჭოთა კავშირის საბავშვო კომუნისტური ორგანიზაციას, რუსეთის გარდა, აღმოჩნდა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსწავლეებიც ავსებენ.

მაშინ, როცა ზიუგანოვი წითელ მოედანზე აფრიალებდა ყელსახვევებს, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მეოცნებე ვლადიმერ პუტინის „ფანი“ სეპარატისტული რეჟიმი ცხინვალის მე-5 სკოლაში  პიონერთა რიგებში იღებდა მწყობრში ჩამდგარ მოსწავლეებს, რომლებმაც დაიფიცეს, რომ ეყვარებათ სამშობლო, ისწავლიან კეთილსინდისიერად და დაიცავენ ორგანიზაციისა და რაზმის კანონებს. ღონისძიების ორგანიზატორმა ვინმე ნონა თედეევმა კი სიხარულით აღნიშნა, რომ „ამ სკოლაში საბჭოთა ეპოქის ტრადიციები შენარჩუნებულია“. აქ, თურმე, სწორედ პიონერული ორგანიზაციის საშუალებითა და მის ფარგლებში ხდება მოზარდების ზნეობრივი, სულიერი და სამხედრო-პატრიოტული აღზრდა. შეძახილით „ვაშა“ კი სალუტებიც გაუშვეს. ცხინვალელების დღესასწაულს დაესწრო ე.წ. პარლამენტის სპიკერის პოსტზე ახლახანს აღდგენილი სეპარატისტი კომუნისტების ლიდერი სტანისლავ კოჩიევიც, რომელმაც თავის მხრივ, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და პიონერული ორგანიზაციის მესვეურებს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საპატიო სიგელები გადასცა.

ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილი სტატიებიც ცხინვალურ გამოცემებში აღტკინებულ კომუნისტურ ტონალობაშია დაწერილი და მოგვითხრობს, რომ „აი, კიდევ რამდენიმე ბიჭუნა და გოგონა შევიდა პიონერთა რიგებში. ჩვენს დროში - ინტერნეტისა და სოციალური ქსელების დროში - ისინი არცთუ ბევრნი არიან. მაგრამ ისინი ამაყობენ ამ წოდებით, ეხმარებიან უფროსებსა და ბავშვებს, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, პატრიოტიზმი. პიონერის წოდება ხომ ისე უბრალოდ არ მოდის, ის უნდა დაიმსახურო. და მაშინ, პიონერების დევიზი ცხოვრების დევიზად იქცევა. და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოისმენთ წითელყელსახვევიანი ბავშვების დიალოგს: „იყავ მზად!“ „მზად ვარ!“.
0

ავტორი: