
ჩერქეზული რიხანია რუსეთის მიერ მოწყობილ გენოციდს გააპროტესტებს
05:10:45     21-05-2012
დღეს, ზემო გალილეის სოფელ რიხანიაში, ჩერქეზი ხალხის გენოციდის 148 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „ჩერქეზული პრობლემა არ გაქრება მაშინაც კი, თუნდაც მტერმა მისი დამარხვა სცადოს“ - ამბობენ კავკასიიდან გადასახლებულთა შთამომავლები.
რიხანია ჩერქეზული სოფელია. მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში რუსეთის ხელისუფლებამ ადიღე-ჩერქეზების თითქმის ნახევარი გაანადგურა, შემდეგ კი მათი 90% გადაასახლა, დღეს მათი შთამომავლების უმეტესობა თურქეთში ცხოვრობს. ისტორიულ სამშობლოში მათი რაოდენობა მილიონზე მეტი არ არის, დაახლოებით ამდენივე ჩერქეზი არაბულ ქვეყნებშია განსახლებული, ისრაელში 4000 ადამიანი ცხოვრობს.
დღეს მათი დიდი უმრავლესობა რიხანიაში შეიკრიბება. როგორც ადგილობრივი ინტერნეტრესურსი AdigaMagazine იუწყება, სამგლოვიარო ღონისძიებები ისტორიული მასალების პრეზენტაციით დაიწყება, რომლებიც „ჩერქეზი ხალხის მკვლელობებს“ ასახავს. ამის შემდეგ კი შეკრება გაიმართება ცენტრალურ მეჩეთთან და საღამოს მთავარი ცერემონიაც დაიწყება. ის „სასტიკი რუსი დამპყრობლების“ წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს მიეძღვნება, რომელთა რაოდენობაც, დაახლოებით, ნახევარი მილიონია.
იორდანიაში მცხოვრებ თანამემამულეებს კი AdigaMagazine-მ მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში შეუერთდნენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებთან დაგეგმილ აქციებს. „ჩერქეზული პრობლემა არ გაქრება მაშინაც კი, თუნდაც მტერმა მისი დამარხვა სცადოს“ - ამბობენ კავკასიიდან გადასახლებულთა შთამომავლები.
როგორც საიტი IzRus იუწყება, ბოლო პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში ჩერქეზული დიასპორის გააქტიურება რუსეთში სოჭში ოლიმპიადის სამზადისს უკავშირდება, რადგან ნახევარი საუკუნის წინ სწორედ ამ ტერიტორიიდან გაასახლეს ჩერქეზები. ეს კი პროტესტს იწვევს ჩერქეზულ დიასპორაში, რომელიც აქტიურად ცდილობს „ჩერქეზთა გენოციდის“ აღიარებას. IzRus-ის ცნობით, „სიტუაციის საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ დღეს რუსეთის ფედერაცია ოლიმპიადის ჩატარებას იმ მიწაზე აპირებს, სადაც ჩერქეზეთის დედაქალაქი და მთავარი პორტი იყო განთავსებული. ეს დაღვრილი სისხლისა და საშინელი ტანჯვისადმი უპატივცემულობაა“.
ასეთი აგიტაციის საპირწონედ, ბოლო პერიოდში, რუსეთიც ცდილობს გააქტიურდეს და ადგილობრივი ჩექრეზების კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ასე მაგალითად, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს, დსთ-ის საქმეების, თანამემამულეების და საზვღარგარეთ მცხოვრებთა ფედერალურმა სააგენტომ გააძლიერა ზომები უცხოეთში მცხოვრებ ჩექრეზებთან მუშაობის მიმართულებით.