
პუტინის მაქინაციებზე წიგნის ავტორს, რუსეთში დაბრუნებას არ ურჩევენ
07:49:32     20-05-2012
ისრაელში დაიწყო მოსკოვში ბრიტანული ტელეარხ „ბი–ბი–სის“ კორესპონდენტ მარტინ სიკსმიტის წიგნის, „პუტინის ნავთობის“ სარეკლამო აქცია. ამ წიგნში აღწერილია პუტინისა და მიხაილ ხოდორკოვსკის დაპირისპირების დეტალები. როგორც ადგილობრივი მასმედია აღნიშნავს, სიკსმიტი თანამედროვე რუსეთის საკითხებში მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი ექსპერტია. მან მოახერხა ამ დრამის მთავარ ფიგურანტებთან მოხვედრა. ამიტომაც წიგნი დეტექტივივით იკითხება.
„ეს გამოკვლევა მოგვითხრობს იმაზე, მანიპულაციების, შეთქმულებების, თაღლითობის გზითა და ღალატით, პუტინმა როგორ მოახერხა ნავთობის მარაგზე კონტროლის დამყარება“, – ნათქვამია ისრაელში გამოცემული წიგნის ანოტაციაში. ეს წიგნი ის დოკუმენტია, რომელშიც მოთხრობილია ის მოვლენები, რომელიც რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის დაპატიმრებასა და მისთვის 12–წლით თავისუფლების აღკვეთასა (ხოდორკოვსკის მას შემდეგ კიდევ რამდენიმე წელიც დაუმატეს და როგორც თავად ამბობს, სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, მას ციხიდან არ გამოუშვებენ, – ავტ.) და ამ მოვლენის რუსეთის ისტორიისათვის ტრაგიკულ შედეგებს ეძღვნება“.
ისრაელში გამომავალმა გაზეთმა „ედიოტ ახრონოტმა“ 16 მაისის ნომერში სიკსმიტთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან აღიარა, მსგავსი წიგნის დასაწერად აუცილებელია ვაჟკაცობა. იგი შიშობს, რომ შესაძლებელია ამის გამო ის პუტინმა მოკლას. მან აღნიშნა, მისი წინამდებარე გამოკვლევები, რომელიც პუტინის მიერ ალექსანდრე ლიტვინენკოსთვის მოწყობილ რადიაციულ ტერაქტს ეძღვნებოდა, მისი სიცოცხლისათის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.
მწერალი დარწმუნებულია, რომ რუსეთში ჟურნალისტები სასიკვდილო საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. საფრთხე ემუქრებათ ასევე იმათაც, ვისაც რეალურად შესწევს იმის ძალა, რომ პუტინი ხელისუფლებას ჩამოაშოროს.თუმცა, სიკსმიტის აზრით, მთლიანობაში, პუტინი სუსტია. ამიტომაც მისი იოსებ სტალინთან შედარება შეუძლებელია. რაც შეეხება მის ახალ ნაშრომს, იგი იმედოვნებს, რომ ჩეკისტურმა რეჟიმმა „პრობლემისადმი მისი აწონილ–დაწონილი მიდგომა შეაფასა“.
ის აღნიშნავს, რომ, პრინციპში, დიდი სხვაობა არაა იმ მეთოდებს შორის, როგორითაც ხოდორკოვსკი გახდა „იუკოსის“ მფლობელი და იმას შორის, რაც პუტინისა და მისი მეგობრების მიერ იყო გამოყენებული ამ ნავთობკომპანიის ხელში ჩასაგდებად.
სიკსმიტი ასევე აღიარებს, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოზე წიგნის პუბლიკაციის შემდეგ, პუტინის პრესმდივანს, დომიტრი პესკოვს დაურეკა, რათა გაერკვია, შეეძლო თუ არა დაბრუნებულიყო მოსკოვში ახალ წიგნზე მუშაობის დასაწყებად. პესკოვს უთქვამს, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება. ზუსტად ასევე მოიქცა მწერალი „იუკოსზე“ კვლევების პუბლიკაციის შემდეგაც.
თუმცა, ექსპერტთა მოსაზრებით, პესკოვის ნდობა არ შეიძლება. ამ დღებში მან ჟურნალისტებს პუტინის სიტყვები გადასცა, რომ საჭიროა ოპოზიციონერები ასფალტზე მიასრისონ. ასე რომ, იმავე ექსპერტთა ღრმა რწმენით, სიკსმიტს რეალური საფრთხე ემუქრება და არ შეიძლება მისი რუსეთში დაბრუნება. პუტინი შურისმაძიებელია და, სავარაუდოდ, სიკსმიტს რაიმე უბედურ შემთხვევას მოუწყობს.
ცნობისათვის: წიგნის ავტორი, მარტინ სიკსმიტი 58 წლისაა და იგი ბრიტანეთში, ჩეშირში დაიბადა. ახალგაზრდობაში ის რუსული ენით დაინტერესდა, რადგანაც საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის წარმატებებმა მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს. ამიტომაც, ოქსფორდში, ჰარვარდსა და სორბონაში სწავლის შემდეგ, მან სამხედრო–საჰაერო ძალების მოსკოვის საკორესპონდენტო პუნქტში დაიწყო მუშაობა. თუმცა, 1997 წელს მან კორპორაცია დატოვა და ბრიტანეთის მთავრობის პრესმდივანი გახდა.
წიგნი პუტინის მაქინაციებზე ექვს ენაზე ითარგმნა. რუსეთში იგი 2011 წლის თებერვალში, გამომცემლობა „პიტერმა“ გამოსცა სათაურით „პუტინი და „იუკოსის“ საქმე. ბრძოლა რუსული ნავთობისათვის“.