რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას ისევ ატერორებს

  20:56:16     19-05-2012

გარდა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებისთანავე მოსკოვმა საომარი რიტორიკა გააძლიერა, ვითარება იძაბება ჩრდილოეთ კავკასიაშიც.

ჩეჩნეთიც კი, სადაც პუტინს დავალებების შემსრულებელი უერთგულესი კადიროვი ჰყავს, ბედავს ხმა ამოიღოს იმ უსამართლობისა და ტერორის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აშკარად შესამჩნევად გამძაფრდა.

სუნჟენსკის, აჩხო-მარტანის და ურუს-მარტანის რაიონის მცხოვრებლები ყვებიან, რომ სამხედრო ფორმიანი პირები პირდაპირ სახლებში უვარდებიან და მოითხოვენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იმყოფებიან მათი უფროსი შვილები.

ვარაუდობენ, რომ ასეთი მეთოდით ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდობის ტყეში გასვლას ებრძვიან, რაც არავინ უარყოფს, რომ დღეს რეალობაა. თუმცა ამ რეალობის შექმნაში ისევ მოსკოვის ძალოვან მეთოდებს და ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებში სოციალურ ყოფას მიაწერენ. ახალგაზრდები ვერაფერს ხედავენ ფორმიანი „ბოევიკებისა“ თუ ოფიციალური ძალოვნების გარდა, არიან დაუსაქმებლები. ამას ემატება მუდმივი ტერორი – მათ ხშირად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, იატაკქვეშა ბანდებთან კონტაქტში ადანაშაულებენ.

როგორც ჩეჩნეთის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჰედა სარატოვა ამბობს, ძალოვნებს მოსახლეობა ისევე ჰყავთ შეწუხებული, როგორც „ბოევიკებს“. ისინი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდებიან კონკრეტულ ოჯახში, როცა ბანდიტები მიდიან. ამის შემდეგ ტერორის მეორე სერია იწყება: ოჯახის წევრებს ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ, აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს და პირდაპირ უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირების წევრად ნათლავენ.

რამდეიმე თვის წინ, სუნჟენსკის რაიონში, მოზარდების ჯგუფი შეიარაღებულ პირებს გადააწყდა. ისინი მათ მებრძოლებად წარუდგენენ და საკვების მიტანა მოსთხოვეს. ახლა ძალოვნები ცდილობენ მოზარდებს რამდენიმე მუხლი წაუყენონ - „შეიაღაებულ ფორმირებაში მონაწილეობისა და ტერორისტებთან კავშირის გამო“.

ალხასტოვების ოჯახის წევრი, რომელიც აიძულეს მებრძოლებთან თანამშრომლობა ეღიარებინა, სასტიკად სცემეს. ის ბაშკირეთში წავიდა და იქ დაიწყო მუშაობა. ტელეფონით აქვს კონტაქტი ოჯახთან. მიუხედავად ამისა, ძალონები ოჯახს მაინც ატერორებენ და ალხასტოვის ჩეჩნეთში დაბრუნებას მოითხოვენ ისე, რომ ამისთვის, თავად არანაირი ზომების მიღებას არ ცდილობენ.

არის უამრავი დაკარგული ადამიანი, რომელთა ასავალ-დასავალსაც ნათესავები ვერ აგნებენ, სამართალდამცველები კი არ ეძებენ. მოსახლეობა უკვე უკიდურესად არის შეშფოთებული, რადგან დაკარგულებს, მოგვიანებით, იმ ადგილებზე მკვდრებს პოულობენ, სადაც რუსეთის ანტიტერორისტული სამსახურები სპეცოპერაციებს ატარებენ.

სწორედ ანალოგიური პრობლემის გამო, დაღესტანში 28 მაისს მოსახლეობა მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავს - გატაცებული ადამიანების, სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციისა და ყოველგვარი გასამართლების გარეშე ადამიანების დახრეტის გამო.

ასეთი აქცია გასული წლის 25 ნოემბერსაც ჩატარდა და მასზე 3000-მდე ადამიანი მოგროვდა. მათ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დაღესტანში ნამდვილი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.