
ჭყოიძე: ქვეყანა ნატოს წევრი სამ-ოთხ წელიწადში გახდება...
16:32:06     19-05-2012
ნატოს სამიტი ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება. სამიტზე ძირითადი განსახილველი თემა ავღანეთი იქნება, თუმცა, მსჯელობა ასევე გაიმართება - ნატოს მოდერნიზაციასა და ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობაზე. მართალია, ჩიკაგოს სამიტზე, მოკავშირეები ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მაგრამ ისინი მკაფიო, პოზიტიურ მესიჯს გაუგზავნიან ასპირანტ ქვეყნებს, მათი ნატოში გაწევრიანების მიზნის მხარდასაჭერად. ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით, რა მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს? - პრესა.ჯი ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტს, ვასილ ჭყოიძეს ესაუბრა:
- ჩიკაგოს სამიტისგან, რას ელის ქართულ მხარე?
- სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. მართალია, ეს სტატუსი, გასული წლის დეკემბერში, მინისტერიალზე მოგვანიჭეს, მაგრამ ჩიკაგოში, ამ სტატუსის მყარად მოხსენიება მოხდება. ამას გარდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამიტზე, საქართველოსთვის იმ კონკრეტული მექანიზმის შეთავაზება მოხდება, რითაც ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს. ეს არის ის მაქსიმალური წარმატება, რასაც ჩიკაგოში საქართველო მიაღწევს.
- თუმცა, სკეპტიკოსები ქვეყნის ასპირანტობას არასერიოზულად უყურებენ. რას ნიშნავს ეს სტატუსი საქართველოსთვის?
- სკეპტიკოსებს საქმე სახუმაროდ აღარ რჩებათ, რადგან ასპირანტობა იმას ნიშნავს, რომ ალიანსი ნატოს წევრობისთვის გამზადებს, მაგრამ ამისთვის არსებობს გარდამავალი პერიოდი და კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ, თუმცა, იმისთვის, რომ ამ დონეებზე დაგიშვან ასპირანტი ქვეყანა უნდა იყო.
- რამდენად ახლო პერსპექტივაა ნატოს წევრობა და კიდევ რა გზა უნდა განვლოს ქვეყანამ?
- თუ ჩიკაგოს სამიტზე, პროცესები ისე წარიმართა, როგორიც მოლოდინია, ვფიქრობ, რომ ეს შორი პერსპექტივა აღარ არის და ქვეყანა ალიანსის, ნატოს წევრი დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში გახდება, თუმცა, ამისთვის კონკრეტული ამოცანების შესრულება დაგვჭირდება. კერძოდ, რეფორმების გატარება იქნება საჭირო თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ხელისუფლების ბალანსის დაცვით და რაც მთავარია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა საპარლამენტო არჩევნებს ენიჭება.
- ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის არიან საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი და კრიტიკული ქვეყნები. ამ უკანასკნელში საფრანგეთი და გერმანია მოიაზრებიან. თუმცა, ფრანსუა ოლანდის მოსვლით, საფრანგეთი კიდევ უფრო მომთხოვნი ხომ არ გახდება?
- დემოკრატიულ საზოგადოებაში პრეზიდენტის შეცლა პოლიტიკის 180 გრადუსით შეცვლას არ იწვევს. საფრანგეთის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში საქართველოს ალიანსის წევრობა უკვე ჩაჯდა, რადგან საფრანგეთსა და გერმანიას სამხრეთ კავკასიაში მეტი აქტიურობა სურთ. ამასთან, საგულისხმოა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ამ ქვეყნების მხარდაჭერა უკვე სტრატეგიაა და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი, შესაბამისად, ამ კუთხით, რაიმე ცვლილებას არ ველი.
- ჩიკაგოში, რუსეთის მისამართით, მკაფიო განცხადებები გაკეთდება?
- რამდენადაც ვიცი, ნატოს სამიტზე, რუსეთთან მიმართებაში, მკვეთრი განცხადებების გაკეთება იგეგმება. ჩიკაგოში რუსეთს დეოკუპაციასა და მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულებას კიდევ ერთხელ მოთხოვენ. თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსების განცხადებებს გავითვალისწინებთ, მოსკოვს სამიტის გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა უკვე აღარ შეუძლია. მართალია, ჩიკაგოს სამიტამდე კარგად მივედით და გარკვეული საფეხურით კიდევ წინ წავიწევთ, მაგრამ ნატოსკენ შემდეგი სვლა დამოკიდებულია იმაზე, რუსეთი საქართველოში საარჩევნო პროცესში თუ რამდენად შეძლებს ჩარევას და ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანას. მართალია, აქამდე რუსეთმა დაფინანსებული ძალებით დაპირისპირების წარმოქმნა ვერ შეძლო, მაგრამ შეიძლება ეს არც სულაც უცდია და არჩევნებს ელოდება.
- რაც შეეხება რუსეთის მიერ დაგეგმილ წვრთნებს „კავკაზ 2012“. ამ წვრთნებისა და 2008 წლის „აგვისტოს ომს“ შორის პარალელების გავლება ხდება. ამასთან საგულისხმოა, რომ 2008 წლის მოვლენები ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოხდა. ამ საკითხზე, ნატოში ყურადღებას გაამახვილებენ?
- საქართველო რუსეთის გავლენის ორბიტიდან გამოსულია, მაგრამ რუსეთს „კავკაზ 2012“-ისა და არჩევნების გამოყენება შეუძლია, რის გამოც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მას შემდეგ, რაც არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდება, ქვეყანა მოსკოვს ხელიდან საბოლოოდ დაუსხლტდება და რუსული გავლენის ქვეშ მოქცევის თეორიული შანსიც აღარ იარსებებს. ასე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაშიც. ამ სახელმწიფოებმა ნერვების ომი გამოიარეს, მაგრამ საბოლოოდ, რუსულ ორბიტას მაინც გაექცნენ და დღეს, ნატოს ქოლგის ქვეშ მშვიდად იმყოფებიან.