
2008 წლის ომის ცხინვალელი "გმირის" წუხანდელი "ოდისეა"
13:16:05     19-05-2012
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმისთვის დაუჯერებელი რამ მოხდა. გუშინ, როგორც თავად ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, `სამხრეთ ოსეთის და რუსეთის საზღვარზე, ნიჟნი ზარამაგის გამშვებ პუნქტზე დააკავეს სამხრეთ ოსეთში ცნობილი საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე, რესპუბლიკის თავისუფლებისათვის მებრძოლი ლეგენდარული ვეტერანი, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ბალა ბესტაუტი~.
`გმირის~ დაკავების ცნობა მეხივით გავარდა ცხინვალში. რა მოხდა? ბესტაუტი რუსეთის ფედერაციის, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე აიყვანეს. როგორც ირკვევა, გუშინ საღამოს 6 საათისთვის უკვე დაკავებული იყო. ოსურ სააგენტო `რეს~-ს ის თავად დაუკავშირდა ტელეფონით და თავსდამტყდარი ამბავი აუწყა. კერძოდ, უთხრა, რომ მისთვის `არ წაუყენებიათ არავითარი ოფიციალური ბრალდება, თუმცა ზეპირად აუხსნეს, რომ დაკავებულია ინტერპოლის სანქციის საფუძველზე, რომელმაც საქართველოს მოთხოვნით ვეტერანი თავისი ქვეყნის დაცვისათვის საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა~ - წერს სააგენტო. იმ მომენტში `გმირი~ ბესტაუტი, უკვე პოლიციაში მიჰყავდათ თურმე.
თავზარდაცემული `კაცი ლეგენდა~, დაკავების მომენტში მეუღლესთან ერთად ყოფილა.
სააგენტო `რეს~ წუხდა, რომ ტელეფონზე წუთნახევრიანი საუბრის შემდეგ, ბესტაუტთან კავშირი გაწყდა და `ალბათ, ვეტერანს არ აძლევენ ტელეფონით კონტაქტის უფლებას~. ცხინვალი სერიოზულად ააფორიაქა იმან, რომ როგორც გაზეთები წერენ, `ვეტერანი რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს, ქვეყნისა, რომელმაც პირველმა აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ყველაზე მძიმე დროს, 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს სამხრეთ ოსეთის ხალხს მშველელად მოევლინა~.
თუმცა დღეს ბესტაუტი გაათავისუფლეს. ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყებამ კი ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და წუხანდელი დაკავების ფაქტის შესახებ ახსნა-განმარტებებს ითხოვს.
როგორც ე.წ. სამინისტრო იტყობინება, ისინი ბესტაუტის დაკავებისთანავე დაუკავშირდნენ რუსეთის საგარეო უწყებას და `დეპუტატის~ გათავისუფლებაც სწორედ ამის შემდეგ მოხდა. თავის მხრივ, ბესტაუტის დაკავების ფაქტი დაადასტურეს ჩრდილო ოსეთში რუსეთის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც ლამის დიდი `დიპლომატიური~ სკანდალი გამოიწვიეს ცხინვალსა და მოსკოვს შორის.
`ჩვენ მოგვივიდა ქაღალდი კონკრეტულ ადამიანზე – მისი დაკავების შესახებ. ის დავაკავეთ და გადავეცით პოლიციას~ - ამბობენ რუსი მესაზღვრეები.
რაც შეეხება ცხინვალელ `გმირს~, ის მართლაც მონაწილე იყო ქართველების ცხინვალიდან განდევნისა და ხოცვის თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციისა, - ჯერ 90-იან წლებში, მოგვიანებით კი 2004 და 2008 წლებში. იყო საველე მეთაური, ეკავა `პოსტებიც~: იყო ე.წ. თავდაცვის მინისტრი, რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კაზაკთა რაზმების მეთაური, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამთო სპეცრაზმის მეთაური. მასზე რამდენიმე წლის წინ თავდასხმაც განხორციელდა და როგორც მაშინ ცხინვალი აცხადებდა, ბესტაუტის ცოცხალად ხელში ჩაგდება ან სიკვდილი ქართულ სპეცსამსახურებს სურდათ.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის ყველასათვის სულაც არაა `გმირი~. გასული წლის შემოდგომაზე ბესტაუტმა იმითაც გაითქვა სახელი, რომ სცემა ცხინვალის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი. მაშინ აღშფოთებული საზოგადოების ნაწილი მასზე წერდა, როგორც `ბანტიან და უბანტო კავალერ ბალაზე~, ასევე იმაზე, რომ ის 2008 წლის აგვისტოში, `8-ში დილით გუფთის ხიდის `დამცველებთან~ ერთად, ღრმა ზურგში, კოკოევის გარემოცვაში მშვიდად ელოდებოდა რუსეთის კოლონას. ცხინვალის განთავისუფლების შემდეგ კი, სხვებთან ერთად, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობა ბედის ანაბარად დატოვა, დაჯილდოებულ იქნა უმაღლესი საბრძოლო ორდენით~ - ასეთ ბალასაც კარგად იცნობენ ცხინვალში.
როგორც ოსური საიტები წერენ, ბალა ბესტაუტი კიდევ ის კაცია, რომელიც ცხინვალის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას პირადი მცველების დახვრეტაში მონაწილეობდა.