
ივანიშვილის "ამერიკელი" პოლიტ-გვამები: ცოტნე ბაკურია, გიორგი სიგუა...
12:12:26     19-05-2012
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისევე როგორც მსოფლიოს დიდი ტრადიციების მქონე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს, ბევრი საინტერესო მახასიათებელი აქვს.
საქართველოს მთავარი განათლების კერის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, ერთი რამ ფაქტია: წინა ხელისუფლების მიერ განვითარებული მახინჯი სისტემის გამო, აქ წლების განმავლობაში ბევრი ისეთი ტენდენცია გამოიკვეთა, რამაც უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.
პირველი კი, მათ შორის კორუფცია იყო, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი და სასწავლებლის ადმინისტრაცია, ისე მათი „მეგობარი“ სტუდენტები.
შევარდნაძის დროს დაარსებული ახალი ორგანიზაცია - სტუდენტური კავშირი, სულ მალე ამ კორუფციის ჭაობის კიდევ ერთ სეგმენტად იქცა, სადაც იმ დროისათვის ბევრმა „საეჭვო ელემენტმა“ შეაფარა თავი.
მაშინდელი სტუდენტებისათვის, ასეთი კატეგორიის წარმომადგენელთა გვარები ცნობილია, მათ შორის იყო ვინმე გიორგი სიგუა, ადამიანი მედროვე, რომელმაც გუშინ, პრინსტონის უნივერსიტეტში პრეზიდენტ სააკაშვილის წარმატებული გამოსვლის „ჩაშლა“, პროვოკაციული „კითხვებით“ სცადა, თუმცა, ეს როგორ გამოუვიდა, მთელმა საქართველომ დაინახა.
როგორც მამალაძის და ასლან აბაშიძის ძველმა მეგობარმა, ყოფილმა „ლეიბორისტმა“ და კიდევ ათას პარტია და იდეოლოგია გამოცვლილმა სიგუამ განაცხადა, მან მრავალი კილომეტრი გაიარა, რათა პრინსტონის უნივერსიტეტში შეპარულიყო და საქართველოს პრეზიდენტისათვის კითხვები დაესვა.
თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს კითხვები კი არა, რამდენიმეწუთიანი უსაგნო ბრალდებების კორიანტელი იყო, რომელსაც როგორც წესი, არანაირი საფუძველი არ აქვს ხოლმე და საქართველოში ყველა დეგრადირებული პოლიტიკოსი და „პოლიტიკური ძალა“ უნიჭო დემაგოგიის დროს იყენებს.
თუ სიგუას ბიოგრაფიას, მის ფულისადმი გადამეტებულ ტრფობას, მყიფე პოლიტიკურ-იდეოლოგიურ შეხედულებებს გავითვალისწინებთ, აშკარა გახდება, რომ ის პირადი დაინტერესების გარეშე, ათასობით კილომეტრს კი არა, ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდა.
ხოლო ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, ზოგ-ზოგიერთმა რუსულ-ოლიგარქიულმა პოლიტიკურმა ძალამ, „პრეზიდენტთან შესაგზავნად“, თვით ფინანსური შეთავაზების მიუხედავადაც კი, სხვა ვერავინ ნახა, გარდა სიგუასნაირი მარგინალი პერსონისა, უკვე ბევრ რამეზე ნათლად მეტყველებს.
სიგუამ წლების განმავლობაში უამრავი პარტია გამოიცვალა: ის ხან მემარცხენე იყო, ხან მემარჯვენე, ხან ლეიბორისტი, ხან ასლან აბაშიძის და შევარდნაძის მიმდევარი და იმის მიხედვით იცვლიდა პარტიებს, თუ სად უფრო შეძლებდა ფეხის მოკიდებას და გამორჩენას.
ახლა, „გადახვეწილ ემიგრანტს“, როგორც ჩანს, ახალი გატაცება გამოუჩნდა და შესაბამისად, ახალი იმედიც, რომ როგორც იქნა, თავის ძველ ოცნებას აიხდენს...
საამისოდ კი, მას შესანიშნავი მიტივაცია აქვს, მწვანე ქაღალდების სახით, რომელსაც სტუდენტი სიგუა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, განუზომელი სიყვარულით ეტრფოდა და რომელსაც თინა ხიდაშელი და ივანიშვილის ლობისტი ამერიკაში, ასლანისტი და პოლიტიკური გვამი, ცოტნე ბაკურია უხვად ჰპირდებიან.