კანის კინობაზრობაზე, ქართული კინოპროექტების პრეზენტაცია გაიმართება
10:09:37     19-05-2012
19 მაისს, 15:00 საათზე, კანის კინობაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, გაიმართება განვითარებაში მყოფი ქართული კინოპროექტების პრეზენტაცია.
კანის კინოფესტივალზე და კინობაზრობაზე გაემგზავრნენ ასევე ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები. ლევან კოღუაშვილი, ზურა მაღალაშვილი, რუსუდან გლურჯიძე და თინათინ ყაჯრიშვილი მონაწილეობენ კინობაზრობის ფარგლებში პროგრამა Producers Network-ში. ლევან კოღუაშვილი ინდუსტრიულ სექციაში წარადგენს მხატვრული ფილმის ახალ პროექტს: "მელოტი ბიჭები" ; თინათინ ყაჯრიშვილი საკუთარ ახალ პროექტს - "პატარძლები". ზურა მაღალაშვილი და რუსუდან გლურჯიძე Producers Network -ში წარდგებიან პროექტით "სხვისი სახლი". ისინი კანში ასევე გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა ფესტივალთან და დისტრიბუტორთან ქართულ-ესპანურ-რუსულ-ფრანგული კოპროდუქციის "თოლიას" თემაზე.
European Film Promotion-ის და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, წელს, კანის ფესტივალზე, პროდიუსერთა პროგრამაში PRODUCERS ON THE MOVE ნომინირებულია ქართველი პროდიუსერი - ვლადიმერ კაჭარავა კინოპროექტით: "ოცი ნაბიჯი მიწის ქვეშ".
რამდენიმე ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფილმს კი ნახავენ ფესტივალის სექციაში Short Film Corner. ტატო კოტეტიშვილის საკურსო ნამუშევარს "საზამთრო" სექციის Short Film Corner კატალოგში: BEST OF LODZ FILM SCHOOL პოლონეთის კინოსკოლა წარადგენს. ამავე სექციაშია გაბრიელ რაზმაძის შავი თუთა და გიორგი მრევლიშვილის: "არსად და ყველგან".
კანის კინობაზრობა არის მსოფლიო კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, ეროვნული კინოცენტრები და სხვა კინოინსტიტუციები. ეს არის უნიკალური პლატფორმა რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიული ქსელი, გააცნონ ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები და დასახონ სამომავლო გეგმები.