
რუსი ჩინოვნიკები მედვედევის კაბინეტში მუშაობაზე უარს ამბობენ
15:54:49     18-05-2012
რუსეთის პრეზიდენტყოფილ პრემიერს, დიმიტრი მედვედევს აშკარაა, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება შეაგვიანდა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის გაპრეზიდენტებამდე ჯერ კიდევ ორი თვით ადრე მან მომავალ პრეზიდენტთნ მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობა დაიწყო და კანდიდატებთან გასაუბრებას კონსტიტუციით დადგენილი ვადის ბოლო დღემდე ატარებდა, საქმეს მაინც არაფერი ეშველა. ახლა უკვე პუტინი სწავლობს მედვედევის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შემადგენლობას.
საბოლოოდ მთავრობის შემადგენლობა, სავარაუდოდ, კემპ–დევივიდის 18–19 მაისის დიდი რვიანის სამიტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა თავის ნაცვლად იქ მედვედევი გააგზავნა. არწასვლის მიზეზად კი პუტინმა სწორედ მთავრობის ფორმირება დაასახელა. კრემლის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, თუ რამე საგანგებო არ მოხდა, მთავრობის შემადგენლობა 21 მაისს გამოცხადდება.
სხვათა შორის, არავის ახსოვს, რომ მთავრობის ფორმირებას ამდენი დრო დასჭირვებოდა.
მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, კრემლის წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობდა და, თურმე, ბევრმა კანდიდატმა მედვედევის კაბინეტის წევრობაზეც უარი თქვა.კერძოდ, ვიცე–პრემიერობაზე არ ინდომეს „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი კირიენკომ და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, მილიარდერმა, მიხაილ პროხოროვმა.
თუ რატომ არ ისურვა პროხოროვმა ვიცე–პრემირობა, უცნობია, მაგრამ ერთ დროს უკვე ნაპრემიერალმა კირიენკომ უარი იმით ახსნა, რომ ატომის სფეროს დიდი გულშემატკივარია და ამ დარგის შენარჩუნება სურს. თუმცა, უარის ნამდვილ მიზეზად კრემლის კულუარებში სულ სხვა რამ სახელდება. კირიენკოს საკურატორო სფერო თბოენერგეტიკული კომპლექსი უნდა ყოფილიყო, რომელსაც დღეს ყოვლისშემძლე ვიცე–პრემიერი, იგორ სეჩინი განაგებს. მართალია, სეჩინი მთავრობიდან მიდის, მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, იგი თბოენერგეტიკულ კომპლექსზე ზეგავლენას მაინც შეინარჩუნებს. ამიტომაც სეჩინზე დაქვემდებარებულ ვიცე–პრემიერად ყოფნა კირიენკომ არ ისურვა.
არც ელვირა ხაბიბულინა გახდება ეკონომიკური განვითარების მინისტრი, რომელსაც სოციალური სფეროს ვიცე–პრემიერობასაც სთავაზობდნენ. უარი მან, თურმე, გადაღლილობით ახსნა.
საწყის ეტაპზევე უარი განაცახადა ენერგეტიკის მინისტრობაზე ციმბირის ენერგეტიკული კომპანიის გენდირექტორმა, ვლადიმერ რაშევსკიმაც.
ეკონომიკის უმაღლესი სკოლის რექტორი, იაროსლავ კუზმინოვი, მართალია, მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ განათლების მინისტრობაზე მაინც უარი თქვა. კაბინეტში წევრობაზე ზემოთდასახელებულთა გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატს უთქვამს მედვედევისთვის უარი, მაგრამ წყარო მათი ვინაობის გამჟღავნებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ყველა მიისწრაფვის იქითკენ, რომ კრემლში პუტინთან ერთად იმუშაოს და გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრიც, ბუნებრივია, სწორედ იქ გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი მთავრობა პუტინთან იქნება. საქმეში ჩახედულთა რწმუნებით, მთავრობის წინა ხელმძღანელებიდან ბევრი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავა და ასეთნაირად იქ „ მეორე მთავრობა“ გაჩნდება, რომელსაც პუტინი უხელმძღანელებს და, ცხადია, ბოლო სიტყვის უფლებითაც სწორედ ეს „მთავრობა“ ისარგებლებს.
გამომდინარე აქედან, მედვედევის კაბინეტში მუშაობა არავის სურს, რადგანაც კარგად ესმით, თუ რა რისკების და გამოწვევების წინაშე დგას რუსეთის ეკონომიკა.